პირველად, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი კიდევ 5 ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის 1 საგზურისთვის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, ლატვიის დედაქალაქ რიგაში იბრძოლებს. მოხვდება თუ არა საქართველო ოლიმპიადაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი, თბილისის დროით 22:00 საათიდან, შვეიცარიის ქალაქ მიესში წილისყრა ჩატარდება, სადაც ოლიმპიადაზე უკვე გასული 8 გუნდი და შესაძლო გამსვლელები ჯგუფებში გადანაწილდებიან.
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირი 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩატარდება. როგორც გითხარით, 8 მონაწილე უკვე ცნობილია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).
დარჩენილი 4 საგზურისთვის საქართველოსთან ერთად კიდევ 23 ქვეყნის ნაკრები იბრძვის. 24 ნაკრები ოთხად არის სხვადასხვა ქვეყანაში გაყოფილი, რომლებშიც ოლიმპიადის თითო საგზური თამაშდება. საქართველო ლატვიაში მოხვდა, სადაც 6 ნაკრები 2 ჯგუფშია გაყოფილი. A ჯგუფი: საქართველო, ლატვია, ფილიპინები. B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი. ამ 6 ნაკრებიდან ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ 1 საუკეთესო მიიღებს.
დანარჩენი 3 ლოკაცია ასე გამოიყურბეა: ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საგზურისთვის ესპანეთი, ლიბანი, ანგოლა, ფინეთი, პოლონეთი და ბაჰამის კუნძულები იბრძოლებენ,. საბერძნეთის ქალაქ პირეოსში კი მასპინძელი საბერძნეთი, სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია, ეგვიპტე და დომინიკის რესპუბლიკა შეიკრიბებიან, ხოლო სან ხუანში უძლიერესს მასპინძელი პუერტო რიკო, მექსიკა, კოტ დ’ივუარი, ლიეტუვა, იტალია და ბაჰრეინი გაარკვევენ.
ოლიმპიადის საკალათბურთო წილისყრის კალათები ასე გადანაწილდა:
პირველი კალათა: აშშ, ესპანური ჯგუფის გამარჯვებული, გერმანია.
მეორე კალათა: სერბეთი, ავსტრალია, ლატვიური ჯგუფის გამარჯვებული.
მესამე კალათა: კანადა, საფრანგეთი, პუერტო რიკოული ჯგუფის გამარჯვებული.
მეოთხე კალათა: ბერძნული ჯგუფის გამარჯვებული, იაპონია, სამხრეთ სუდანი.
ასე და ამგვარად, ლატვიის აკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად ოლიმპიადაზე გასული ნაკრები მე-2 კალათაში მოხვდა სერბეთთან და ავსტრალიასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ეს ნაკრებები ჩვენი შესაძლო მეტოაქეები არ იქნებიან. სწორედ ამ განთესვის კალათებიდან ამოიღებენ წილისყრისას თითო გუნდს და შეადგენენ ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ჯგუფებს.
წილისყრის შედეგად, 3 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, თითოეულ ჯგუფში კი, ევროპიდან შესაძლოა, მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 ნაკრები მოხვდეს, აფრიკას, ამერიკას, აზიასა და ოკეანეთს თითო წარმომადგენელი ეყოლებათ. ფიბამ ისიც განმარტა, რომ საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულთა განთესვისას იმით იხელმძღვანელა თუ რეიტინგში რომელ ადგილზე იმყოფება თითოეული ჯგუფის საუკეთესო ნაკრები. შესაბამისად, ასეთი განლაგება მივიღეთ: 1. ესპანეთი, 2. ლატვია, 3. ლიეტუვა, 4. სლოვენია.
თვალი მიადევნეთ ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის წილისყრის ცერემონიალის წარმოდგენილ ბმულზე: