ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ ჩემპიონობის ჩინებული შანსი ხელიდან გაუშვა. სლოვენიის ჩემპოინატის ფინალური სერიის მორიგ მატჩში, რომელიც ლიუბლიანაში იმართებოდა, ვლადიმერ ბოისას და გიორგი შერმადინის გუნდს უნდა მოეგო და ოქროს მედლებიც მისი იყო. ლიუბლიანელებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 61:63.
„ოლიმპიამ“ შეხვედრა მეტად უხეიროდ დაიწყო. თავიდან 10:30 აგებდა, მერე კი ნელ–ნელა კი ამცირებდა ჩამორჩენას, მაგრამ საბოლოოდ დრო არ ეყო. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე მასპინძლები 13 ქულით აგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე სხვაობა 2–ამდე შეამცირეს, მაგრამ… „კრკას“ ამერიკელმა ცენტრმა კრის ბუკერმა ძალიან საჭირო მოხსნები განახორციელა და ბოლო წამენზე ლიუბლიანებს წარმატების შანსი მოუსპო.
გიორგი შერმადინი ნოვომესტოელთა გარემოცვაში
საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი ხუთეულში არ ყოფილა. შერმადინმა მოედანზე 11:21 წუთი გაატარა, ბოისამ კი – 9. გიორგიმ 4–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. შერმადინი საბოლოოდ 4 ქულას, 2 მოხსნას, 2 პასს, 2 დაფარებას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. ბოისამ კი 2–დან 1 ოქრიანი ჩააგდო, ორივე საჯარიმო კი ააცილა და შესაბამისად 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.
სერია მიადგა სუპერფინალურ მატჩს. მეხუთე, ბოლო შეხვედრა გადაწყვეტს, თუ რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი. აი, აქ გამოადგა „კრკას“ რეგულარული ჩემპიონატის მოგება, რაკი სერიის გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე, ნოვო მესტოში ატარებს. საჩემპიონო მატჩი 11 ივნისს გაიმართება.