ლიუბლიანის „ოლიმპიას“ სლოვენიის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. საწყისი მარცხის შემდეგ გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა ფინალური სერია სათავისოდ შეატრიალა. ლიუბლიანელებმა სერიის მორიგი მატჩი სტუმრად, ნოვო მესტოში 69:63 მოუგეს „კრკას“ და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.
არადა, სერიის პირველ მატჩში, ნოვო მესტოში, „ოლიმპია“ 23 ქულით განადგურდა, ხოლო მომდევნო შეხვედრა შინ გაჭირვებით, ბოლო წამზე მოუგო „კრკას“. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიოური და მოედნის უპირატესობა ნოვომესტოელებს ჰქონდათ, თუმცა დედაქალაქელებმა ყველაზე საჭირო მომენტში მოახერხეს მობილიზება და ჩემპიონობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს. ასეთ კარგ სიტუაციას ოლიმპიელები ვერც ინატრებდნენ: 9 ივნისს საკუთარ მოედანზე გასამართი სერიის მორიგი მატჩი უნდა მოიგონ და ჩემპიონები ხდებიან.
გიორგი შერმადინი და ნოვომესტოელი ბოიან კრივეცი
რაც შეეხება სერიის მესამე მატჩს, იგი მასპინძელთა კარნახით დაიწყო, თუმცა ლიუბლიანელებმა მალევე შესძლეს გარდატეხის შეტანა. საწყისი მეოთხედის 15:23 წაგების შემდეგ „ოლიმპიამ“ მეორე ათწუთეული დიდებულად ჩაატარა, 24:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 7–ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.
ლიუბლიანური გუნდის ხუთეულში ითამაშა ვლადიმერ ბოისამ, რომელმაც წინა შეხვედრაში მხოოდ 2,40 წუთი დაჰყო მოედანზე. თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს არც ამჯერად უთამაშია ბევრი – ბოისამ მოედანზე 11 წუთამდე გაატარა და თამაში 3 მოხსნით დაასრულა. ვლადიმერს ნოვომესტოელთა ფარისთვის არც შეუტევია.
გიორგი შერმადინი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და 14 წუთს ითამაშა. გიორგიმ სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4–დან 3 სროლა ჩააგდო და ფინალური სერიის გასული 2 მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბოლოოდ 3 ქულას დასჯერდა. შერმადინმა 4 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. მასზე მეტი მოხსნა თავისიანთაგან მხოლოდ გორან იაგოდნიკს ჰქონდა (5).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მორიგი მატჩი, რომელიც ოლიმპიელთათვის ჩემპიონობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, 9 ივნისს, ლიუბლიანაში გაიმართება.