სუპერლიგის პირველი წრე მოთელვითი ხასიათის იყო, რა დროსაც გუნდებმა ერთმანეთი დაზვერეს და მაღალი ამბიციის მქონე გუნდები გაძლიერდნენ. სწორედ ასეთი გუნდების დაპირისპირება შედგა დღეს ოლიმპიურ სასახლეში. საჩემპიონოდ შემართული ოლიმპი გურჯაანის დელტას წინააღმდეგ. ორივე გუნდმა შემადგენლობა გაიძლიერა და მეორე წრეში გადამწყვეტი ბრძოლებისთვის მოიმართა.
მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მოკლედ რომ ვთქვათ, დელტა თავიდანვე და მატჩის უმეტეს დროს ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ოლიმპს დარჩა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა კლასიკურად, ძლიერ და თავდაჯერებულ გუნდებს რომ სჩვევიათ, ისეთ სტილში დაამარცხა ძლიერი მეტოქე, რომელსაც წინა შეხვედრა ოვერტაიმში, თსუ-თან ჰქონდა წაგებული და რეაბილიტაციის წყურვილი ჰქონდა.
საქართველოს კალიბრით მაღალი დონის ლეგიონერების ორთაბრძოლა თვალსასეირო გამოდგა. მათ გარდა ერთმანეთის პირისპირ გამოცდილი და წამყვანი ქართველი კალათბურთელები წარდგნენ და უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვება ოლიმპმა დაიმსახურა. დელტა პირველი წუთიდანვე დაწინაურდა, თუმცა ოლიმპი მას წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ყველაზე დიდი სხვაობა პირველ პერიოდში დაფიქსირდა, როცა ოთარ ფხაკაძის სამქულიანით გურჯაანელები 25:14 დაწინაურდნენ. ოლიმპის ახალწვეულ ობრი მაკალპინის ორქულიანი პასუხი და ნაკრების კანდიდატი გიორგი ტურძილაძის შედეგიანი შეტევის შემდეგ თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.
მეორე პერიოდის შუაწელში ოლიმპი დაწინაურდა კიდეც, თუმცა ლიდერობამ დიდხანს არ გასტანა და დიდი შესვენებისთვის დელტამ 5-ქულიანი ლიდერობა გაიფორმა – 43:38. მესამე პერიოდის შუაწელში გურჯაანელთა ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია, როცა ფხაკაძის სროლას დელტას 59:50 დაწინაურება მოჰყვა. პერიოდის ბოლომდე ოლიმპელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე 4-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ.
ბოლო პერიოდი ოლიმპმა აღმავლობით ჩაატარა. გივი ბაქრაძისა და ლინტონ ესლაისის შედეგიან თამაშს ოლიმპელთა გალიდერება მოჰყვა – 67:66 და ამის შემდეგ რამდენიმეწუთიან ქულა-ქულა თამაშში სასწორის პინა ოლიმპის მხარეზე გადაიწია. სტაბილური დაცვითა და შედეგიანი თამაშით როგავას გუნდმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მიპოვა და ვერც გურჯაანელთა დამრიგებელ ირაკლი ძიძიგურის წუთშესვენებებმა და ვერც დელტას მოთამაშეთა მონდომებამ მოედანზე ვითარება ვეღარ შეცვალა. ოლიმპი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე (88:84) და მოგებ-წაგებებით მეორეზე მყოფ კავკასიას გაუთანაბრდა, რომელიც დღეს მძლავრ თსუ-ს ეთამაშება.
ოლიმპში 18 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო ლინტონ ესლაისი. დრუ კუქსჰაუსენმა 25 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 12-12 ქულა და პასი გივი ბაქრაძის ანგარიშზეა. დელტაში 25 ქულა დერიკ ნიუტნმა მოაგროვა. გეგი ბაქრაძისა და ეივი ტუმერის ანგარიშზე 16-16 ქულა დაგროვდა.