ახალდაწყებულ სუპერლიგის გათამაშებაში აუტსაიდერი გამოიკვეთა. ჯერ ადრეა ამ სტატუსის რომელიმე გუნდზე მინიჭება, თუმცა სამიდან 3 მარცხი რომ მიმდინარე სეზონში ყველა გუნდზე უარესი შედეგია, ფაქტია. ცხრილში ერთადერთი გუნდი, რომელსაც სამივე შეხვედრა წაგებული აქვს, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსია”, რომელმაც მორიგი მარცხი სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ, თუმც ტრავმებით დასუსტებულ “ოლიმპთან” იწვნია.
დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” სოლიდური ამბიციის გუნდია და ამის საფუძველს მას საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა აძლევს. სასტარტო ხუთეულის 3 ტრავმირებული მოთამაშიდან ოლიმპელებს “კაკტუსთან” კახა ჯინჭარაძე დაუბრუნდათ, ხოლო ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გივი ბაქრაძე, ასევე ამერიკელი გამთამაშებელი კენდრიკ ტომპსონი კვლავ იძულებით ისვენებენ.
მიუხედავად ამისა, ოლიმპს არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. 4 ქულით წაგებული პირველი ნახევრიდან როგავამ სათანადო დასკვნები გამოიტანა და დიდი შესვენებიდან დაბრუნებული მისი გაწვრთნილი “ოლიმპი” სულ სხვაგვარად, შედეგიანად ათამაშდა. სრული დატვირთვით ვერ თამაშობდა ტრავმამოშუშებული ჯინჭარაძე, თუმცა მისი დახმარება ოლიმპელებს დიდად წაადგათ მესამე პერიოდში, რომელიც გარდამტეხი გამოდგა. ათწუთეული როგავას გუნდმა 26:13 მოიგო და ბოლო მეოთხედში მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.
ჩინებულად ითამაშა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ოლიმპელმა წევრმა, ილია ლონდარიძემ, რომელმაც მეურვეს აჯობა და ამით თავის გუნდს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. საბოლოოდ ოლიმპმა 15 ქულით – 71:56 (სტატისტიკა) იმარჯვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეში “მეგას” შეუერთდა. ლონდარიძე სტატისტიკითაც საუკეთესო იყო – 17 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი. კიდევ ორმა ოლიმპის მოთამაშემ გაიფორმა ორმაგი დუბლი: ლუკა კალატოზიშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბუნდუ აბდულაიმ კი 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. კახა ჯინჭარაძემ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. კაკტუსში 18 ქულა რიკი მედისონის ანგარიშზეა, ანდრე ფოქსმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
მე-3 ტურის ბოლო 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 31 ოქტომბერს გაიმართება.