ოთხმეზურის 24 ქულამ საქართველოს კვიპროსთან ვერ უშველა

ოთხმეზურის 24 ქულამ საქართველოს კვიპროსთან ვერ უშველა

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვების მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ კვიპროსთან გადამწყვეტ მომენტში ძალები არ ეყო და 61:68 დამარცხდა. შეხვედრის უმეტეს დროს წინ ქართველები იყვნენ. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე 59:58 იგებდა, თუმცა კვიპროსელებმა შედეგიანად ჩაატარეს შეხვედრის დარჩენილი დრო და საბოლოოდ 7 ქულით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით ნატალია ოთხმეზური გამოირჩა. 14 ქულა მოაგროვა ნინო გადელიამ, ხოლო სალომე კალანდაძემ 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მარიამ ღარიშვილს ბურთი არ ჩაუგდია, თუმცა 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 5 მარცხით, ბოლო ადგილზე დაასრულა და ახლა ტურნირზე 17-24 ადგილების გასანაწილებელ საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთვება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდის მორიგი მეტოქე ბულგარეთია, რომელმაც B ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა. მატჩი 10 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. 

საქართველო – კვიპროსი
სტატისტიკა: 61:68