დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც განცხადებები ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ სანიკიძემ გააკეთეს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი ფედერაციისთვის საარჩევნო წელს წარმოადგენს და საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა ორივე მათგანმა დააყენა, თუმცა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პაატა გურასპაულმა ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და განაცხადა რომ 11 დეკემბერს დანიშნულ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ერთი გუნდი და საერთო კანდიდატი – ვიქტორ სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის:ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).
პაატა გურასპაული: ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თითოეული წევრის მრავალწლიანი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ის, რომ სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგად მიღწეული წარმატებების საფუძველზე, სახელმწიფო ახორციელებს 100 მილიონიან ინვესტიციას კალათბურთში, რაც გაჟღერდა გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს ყველაფერი წაადგება და მოემსახურება იმ საერთო მიზნებს, რასაც კალათბურთის მომავალი განვითარება ჰქვია და რომლის გვირგვინიც, რასაკვირველია, ჩვენ მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩატარება იქნება.
კალათბურთის ოჯახი არის ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული, ყოველთვის კალათბურთის სიყვარულით განმსჭვალული და მუდამ მზადყოფნაში თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენ ვართ დიდი გუნდი და ამ გუნდში ყველას მიზანია, რომ კალათბურთი კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს და სწორედ ამ გუნდს წარმოვადგენთ მე და ვიქტორ სანიკიძეც. იმ წვლილში, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის ყველას დამსახურება, მათ შორის, ჩემიც და ვიქტორისაც. ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში საერთო ხედვები გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრეთ, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით, იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთში სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა და ჩვენი კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.
მინდა გითხრათ, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრული შემადგენლობა რჩება კალათბურთის სამსახურში, რაც შემეხება პირადად მე, ჩემთვის არასდროს ყოფილა რომელიმე თანამდებობა ან სავარძელი პანაცეა, იდეაფიქსი ან თვითმიზანი. მე ვიყავი ყოველთვის კალათბურთის სამსახურში, ასეთად ვრჩები, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად, ამ ადამიანთან ერთად და გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს და ქვეყანამ იამაყოს სპორტის ამ სახეობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობა, ერთსულოვნება და მზადყოფნა იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, წარმატებული იქნება. კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება და ქვეყანა იამაყებს სპორტის იმ სახეობით, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და რომელსაც ჰქვია კალათბურთი.
ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ფიქრისა და განსჯის შედეგი და მე ვფიქრობ, ვიქტორის ახალგაზრდული შემართება, მისი მონდომება და პირადი ურთიერთობები როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ჩვენ უფრო მეტ ენერგიას შეგვძენს. ჩვენ ერთიანად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე და ბევრად მეტს გავაკეთებთ.
ვიქტორ სანიკიძე: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყებ მადლობით. ძალიან დიდი მადლობა პაატა, მადლობა ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ვეტერანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კალათბურთი აქამდე მოიტანა. დღეს რომ ვამაყობთ კალათბურთით, ეს ამ ხალხის და დღევანდელი ფედერაციის დამსახურებაა. მადლობა პაატა, რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით ჩვენი კალათბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რისი მომსწრეც გუშინ ყველა ერთად გავხვდით, რომ ამხელა ინვესტიცია იდება ქართულ კალათბურთში.
როდესაც დავრეგსტრირდი კანდიდატად, მაშინვე დავაფიქსირე, ხაზგასმით აღვნიშნე და პირობაც დავდე, რომ ქართულ კალათბურთში არამც და არამც არ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება და დღევანდელი დღეც არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და კალათბურთს. ეს დღე დადასტურებაა იმისა, რომ ვაგრძელებთ კალათბურთის და ქვეყნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მადლობა პაატას გაწეული შრომისთვის და როგორც მან აღნიშნა, ჩემი მხრიდანაც არის სრული მზაობა თანამშრომლობის მოქმედ ფედერაციასთან და ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სასიკეთო საქმეები.
მოდის ძალიან დიდი ღონისძიება სექტემბერში – ევრობასკეტი, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო და ყველას უნდა დავანახოთ როგორც გვიყვარს კალათბურთი და რომ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება. შემდეგ უკვე ვისაუბროთ დეტალურად იმ განვითარების გეგმაზე, რაც გვაქვს. ღია ვართ თანამშრომლობისთვის და ღია ვართ მედიასთან. მადლობა მოსახლეობას რომ უყვარს კალათბურთი და ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტად შევაყვარებთ სპორტის ამ სახეობას და კალათბურთი ხვალ იქნება კიდევ უფრო წარმატებული, ვიდრე დღეს არის.