ფაჩულია მოედანს მოგებით დაუბრუნდა

ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა, მასთან ერთად საქმეს შეუდგა ტრავმის გამო თვეზე მეტ ხანს ნაუქმევი ჯორჯიელთა ლიდერი ჯოშ სმიტი და “ატლანტამაც” მორიგი გამარჯვება იზეიმა – “მემფის გრიზლისი” 105:95 დაამარცხა.
სმიტის დაბრუნება იყო და ქართველმა ცენტრმა ხუთეულში ადგილი დაკარგა, თუმც სათადარიგოდაგან ყველაზე მეტი, 26 წუთი ითამაშა, რაც იმაზე მეტია, რასაც ზაზა სასტარტოში თამაშობდა ხოლმე საშუალოდ. ქართველმა ცენტრმა მიზნიანად ისროლა ორქულიანები – 4 ცდიდან 3 ჩააგდო და მოგროვილ 6 ქულას ამდენივე მოხსნა (ჯოშ სმიტთან ერთად საუკეთესო შედეგი “ატლანტაში”) და 2 პასიც მოაყოლა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
ამ გამარჯვებით “ატლანტამ” აღმოსავლეთ კონფერენციაში დათმობილი პოზიციები გაიმყარა და 17 თამაშიდან 11 გამარჯვებით თავის დივიზიონში მეორე, ხოლო კონფერენციაში მე–5 ადგილზეა.
 

ბურთისთვის ბრძოლაში მემფისელი კაილი ლოური ზაზა ფაჩულიას თავზე დაახტა