რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრა გამართა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“. ჯორჯიელებმა აღმოსავლეთ დივიზიონის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდ „მაიამის“ უმასპინძლეს და 90:98 დამარცხდნენ.
რაკი ატლანტელებისთვის ყველაფერი გარკვეულია, მწვრთნელმა ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები დიდად არ დატვირთა. შესაბამისად, სათადარიგოებს თამაშის მეტი საშუალება მიეცათ და ეს ზაზა ფაჩულიასაც ეხება. ქართველმა ცენტრმა მოედანზე ატლანტელთა შორის ყველაზე მეტი – 32 წუთი გაატარა და 9 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ მაიამელთა ფარს თამაშიდან 4–ჯერ შეუტია და 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან 6–დან მხოლოდ 3 მოარტყა მიზანში.
შეხვედრაში უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. თამაშის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე ზაზა ფაჩულიამ მორიგი ორქულიანი მიითვალა, რომელიც “მაიამის” ლიტველი ცენტრის, ჟიდრუნას ილგაუსკასის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააგდო. ლიტველი გოლიათი ამ ფაქტმა ნერვებზე აშალა და საკუთარი ფარისკენ შეტრიალებულ ქართველ ცენტრს ზურგში ბურთი ესროლა (http://www.nba.com/video/games/hawks/2011/04/11/0021001202_mia_atl_recap.nba/). ზაზა მოტრიალდა, მაგრამ არ იცოდა, რა ექნა, მან ვერც კი გაიგო, რა მოხდა. მსაჯებმა ილგაუსკასი მოედნიდან გააძევეს, ფაჩულიამ კი ნამატჩევს ესეთი კომენტარი გააკეთა:
“თავდაპირველად, ვერც გავიგე, ბურთი მომხვდა თუ ვინმემ დამარტყა. არც კი ვიცი, ის წყობიდან რამ გამოიყვანა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია. ვაპირებ მას დავურეკო ანაც ჯერ სმს-ს გავუგზავნი. არა მგონია, ახლა მან ჩემს ზარს უპასუხოს”.
ატლანტელებს 44 გამარჯვების წილ 37 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5 დგილზე იმყოფებიან. უკვე კარგა ხანია, ცნობილია, რომ „ქორები“ ამ ადგილზე დაასრულებენ რეგულარულ ჩემპიონატს და პლეი ოფის პირველ რაუნდში „ორლანდოს“ შეხვდებიან. ატლანტელები რეგულარულ ჩემპიონატს ზეგ გამთენიისას, სტუმრად “შარლოტთან” მატჩით დაასრულებენ.
ბურთისთვის ზაზა ფაჩულია და მაიკ მილერი იბრძვიან