„ატლანტა ჰოუქსმა“ დასანანი მარცხი იწვნია. „ქორებისთვის“ წაგება ორმაგად საზიანო იყო, რადგანაც ისინი უშუალო მდევარს – „ფილადელფია სიქსერსს“ ხვდებოდნენ. მართალია, მატჩი ფილადელფიაში გაიმართა, მაგრამ მისი მოგება ატლანტელებს შეეძლოთ. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ზაზა ფაჩულიას გუნდი 6 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდი 20:31 წააგო და საბოლოოდ 100:105 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა 17,32 წუთს ითამაშა. ისე გამოვიდა, რომ ფაჩულია ატლანტელთაგან ყველაზე მცირე ხნით იმყოფებოდა მოედანზე. ლარი დრიუმ „ფილადელფიასთან“ მატჩში მხოლოდ 7 კალათბურთელი ათამაშა. შეცვლაზე ზაზასთან ერთად მხოლოდ ჯამალ კრაუფორდი შევიდა, რომელმაც მოედანზე 32 წუთი გაატარა.
ბურთისთვის იბრძვიან: ჯოშ სმიტი, ელტონ ბრენდი და ზაზა ფაჩულია
ფაჩულიამ თავი ფარქვეშა ბრძოლებში გამოიჩინა და საბოლოოდ 7 მოხსნა დააგროვა. მან 4–ჯერ შეუტია ფილადელფიელთა კალათს და 2–ჯერ იხეირა. შესაბამისად, მოედანი 4 ქულით დატოვა. ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტს 33 ქულა და 12 მოხსნა დაუგროვდა, მაგრამ გუნდურად მოთამაშე ფილადელფიელების (შვიდმა მოთმამაშემ 10–ქულიან ნიშნულს გადააბიჯა) დასამარცხებლად ამან არ იკმარა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეზე მყოფ „ატლანტასა“ (40 მოგება, 32 წაგება) და მის მდევარ „ფილადელფიას“ (37 მოგება, 34 წაგება) შორის სხვაობა მაინც სოლიდური რჩება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი შინ „ნიუ ჯერსისთან“, 26 მარტს ჩაატარებს.