ფაჩულიამ პირადი რეკორდი გაიმეორა – 18 მოხსნა!

მიჯრით წაგებული 4 თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“, როგორც იქნა, მოიგო. ტრავმირებულ ლიდერთა არყოფნით დაჩაჩანაკებულმა „ქორებმა“ სუსტი „ვაშინგტონი“ ისტუმრეს და დაძაბულ ბრძოლაში 91:87 დაამარცხეს.
ტრავმირებულთა გამო ატლანტელებს ერთადერთი სასტარტო შერჩა – მარვინ უილიამსი, ხოლო ხუთეულში დარჩენილი ადგილები სათადარიგოებმა შეავსეს. ერთ–ერთი ასეთი ზაზა ფაჩულია გახლდათ, რომელმაც ამას წინათ ჯორჯიელთა ლიდერის, ჯოშ სმიტის ტრავმის გამო ხუთეულში ადგილი მოიპოვა, ხოლო გუშინწინ მისი უშუალო კონკურენტის, ალ ჰორფორდის დამტვრევის შემდეგ სასტარტოში დროც გაეზარდა.
 

ზაზა ფაჩულიას 18 მოხსნიდან ერთ–ერთი
 
შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა „ვაშინგტონთან“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი – 34 წუთი ითამაშა და ისეთი რამ ქნა, ნებისმიერი სუპერვარსკვლავი რომ ხელს მოაწერდა. ფაჩულიამ 18–ჯერ მოხსნა ბურთი, რაც მისთვის პირადი რეკორდის გამეორებაა. ზაზამ 2006 წლის 19 მარტს, „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგაც 18 –ჯერ მოხსნა, თუმც მაშინ სხვა დრო იყო, ქართველ ცენტრს ხუთეულში ადგილს არავინ ეცილებოდა და ამიტომაცაა დღევანდელი შედეგი სასიხარულო.
„ახლა, როცა ტრავმირებული ალ ჰორფორდი გვაკლია, ისეთი კაცი გვჭირდება, რომელიც ფარზე ბურთს მოხსნის. შესანიშნავად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც კარგად ამიბა მხარი ფარქვეშ და ეს უიღბლო სერიაც შევწყვიტეთ“ – თქვა მარვინ უილიამსმა, რომელმაც თავის წილ 14 მოხსნა შეაწია ატლანტელებს.
ზაზას ქულათა თამასა იმდენად მომხიბვლელად არ გამოიყურება, რამდენადაც მოხსნების. ფაჩულიამ 4 ორქულიანიდან 1 ჩაგდო, 6 საჯარიმოდან – 2, მთლიანობაში 4 ქულა დააგროვა და თან 4 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები ისევ შინაურ სარბიელზე გამართავენ და ამჯერად კიდევ უფრო სუსტ „შარლოტ ბობქეთსს“ შეხვდებიან.