ფაჩულიას 2 ქულა ფილადელფიასთან და დეტროიტის ზედიზედ მე-3 გამარჯვება

ფაჩულიას 2 ქულა ფილადელფიასთან და დეტროიტის ზედიზედ მე-3 გამარჯვება

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” შინ “ფილადელფია” 133:132 დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციას “ტორონტოსა” და “მილუოკისთან” ერთად 3-დან 3 მოგებით ლიდერობს. ქართველმა ცენტრმა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში დროში 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს ძალიან მაგარი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ანგარიშით წინ ძირითადად “ფილადელფია” იყო. ძირითადი დრო 120:120 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში ზაზამ ითამაშა, თანაც საკმაოდ აქტიური გახლდათ. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ბლეიკ გრიფინმა 2-ქულიანი ჩააგდო და თან საჯარიმო სროლის უფლებაც მოიპოვა, ისიც ზუსტად გამოიყენა და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის ბოლო წამზე ემბიდიმ სამქულიანი ისროლა, ფაჩულიამ ჯოელისთვის ხელის შეშლა მოახერხა და “ფილადელფიელების” ცენტრს სიზუსტემ უმტყუნა.

საოცარი შედეგი დააფიქსირა ბლეიკ გრიფინმა, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი შესძინა. “ფილადელფიაში” ემბიდი 33 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა.

მომდევნო მატჩში, 26 ოქტომბერს, დეტროიტელები შინ “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდებიან.