ფაცაციას გარეშე დარჩენილმა მარნეულმა ოლიმპს მოუგო

ფაცაციას გარეშე დარჩენილმა მარნეულმა ოლიმპს მოუგო

დღეს, ოლიმპიურმა სასახლემ სუპერიგის 2 მატჩს უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “მარნეული” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ – გუნდები, რომლებიც ცხრილის ქვედა ნახევარში არიან და პლეი ოფის წინ ადგილების გადასანაწილებლად იბრძვიან. ქვემოქართლელებს ეს ნაკლებად ეხებათ, რადგან ცხრილში მათ წინ მყოფი გუნდები სოლიდური უპირატესობით არიან წინ და დარჩენილ ტურებში ამ სხვაობის გაბათილება ძალიან რთული იქნება. “ოლიმპი” კი თითქმის თანაბრადაა მეტოქეებთან და თითოეულ ქულას სატურნირო თვალსაზრისით ამ გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარნეულელებმა წინა მატჩში, უფრო ზუსტად კი მისი დასრულების შემდეგ დიდი დანაკლისი განიცადეს. “მგზავრებთან” მატჩში 2 ტექნიკურის გამო მოედნიდან გაძევებულმა ლევან ფაცაციამ არბიტრს დავით ბერეკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დისციპლინარების ვერდიქტით, მისთვის სეზონი დასრულებულია. მიუხედავად ასეთი დიდი დანაკლისისა ქვემოქართლურმა გუნდმა თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში “ოლიმპს” აჯობა და საბოლოოდ 86:78 გაიმარჯვა.

ამ წაგებამ “ოლიმპი” ცხრილში “მგზავრებთან” გაათანაბრა: ორივე გუნდს 13 მოგების წილ 14 მარცხი აქვს და ცხრილში VI-VII ადგილებს იყოფენ. რაც შეეხება “მარნეულს”, ქვემოქართლელებმა ამ მოგებით ხსენებულ წყვილთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ 4 ტურში მათთვის სავარაუდოდ არაფერი არ შეიცვლება და რეგულარულ ჩემპიონატს მე-8 ადგილზე დაასრულებენ.

“ოლიმპთან” მოგებულ მატჩში “მარნეულს” 26 ქულით ნიკოლას ნილმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა არტიომ შვეცმა, გიორგი ვახანიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ორმაგი დუბლი მიითვალა დეანდრე რეიმ – 11 ქულა, 12 მოხსნა. “ოლიმპში” 18 ქულით და 11 მოხსნითსაუკეთესო იყო მორის ჰილი. 19 ქულით ბომბარდირი გივი ბაქრაძე გახდა, რომელმაც ასევე 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მეორე მატჩში წინასწარ გამოცხადებული შედეგის გახლდათ. ბოლო ადგილზე მყოფი და მხოლოდ 1 მოგების მქონე “სოხუმმა” მორიგი მატჩი “დინამოსთან” წააგო. წამყვანი ლეგიონერების გარეშე დარჩენილმა სოხუმელებმა მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და შეხვედრა 85:110 დათმეს. 

ერთბაშად შვიდმა დინამოელმა ათქულიანი ბარიერი დაძლია, რომელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ნოდარ გოგოძე. 16 ქულა კაელ ტურპინმა დააგროვა, ხოლო 14 – ლაველ ბოიდმა. “სოხუმში” 26 ქულით ლევან რევაზაშვილი გამოირჩა. 15 ქულა და 14 მოხსნა სერგეი პრიმაკის ანგარიშზე დაგროვდა. 

მომდევნო მატჩები რეგიონებში 15 აპრილს გაიმართება: “ქუთაისი” “კაკტუსს” უმასპინძლებს, ხოლო “ბათუმი” – “მგზავრებს”.