საქართველოში სპორტულ დარბაზებში ჩატარებულ სათამაშო სახეობებს შორის კალათბურთი პირველი გახდა, რომლის მატჩების მსვლელობისას საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ეს სამედიცინო მოწყობილობა გულის გაჩერების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, რადგან გულის გაჩერების შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამინის დახმარება პირველი 5-6 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეიძინა ამერიკული კომპანია Zoll-ის უახლესი მოდელის Zoll AED 3 დეფიბრილატორები – მსოფლიო სტანდარტებით შექმნილი ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები, რომლებიც საკუთარი ტექნიკური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან სხვა დეფიბრილატორებისგან.
Real CPR Help® ტექნოლოგია – Zoll AED 3 აღჭურვილია უნიკალური Real CPR Help® ტექნოლოგიით, რომელიც აფასებს გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) სიღრმესა და სიჩქარეს, აწვდის რეალურ დროში ვიზუალურ და აუდიო უკუკავშირს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაციის)განხორციელებას.
RapidShock™ ანალიზი – Zoll AED 3 აღჭურვილია RapidShock™ ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფ რითმის ანალიზს და საშუალებას აძლევს მოწყობილობას საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ 5 წამში მიაწოდოს ელექტრო შოკი. ეს მინიმალურად ამცირებს CPR-ის შეწყვეტის დროს და ზრდის პაციენტის გადარჩენის შანსებს.
უნივერსალური ელექტროდები – Zoll AED 3 იყენებს CPR Uni-padz® ელექტროდებს, რომლებიც ერთდროულად გამოდგება როგორც მოზრდილების, ისე პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის. ბავშვის მკურნალობისთვის საკმარისია იგივე ელექტროდების გამოყენება და უბრალოდ “ბავშვის რეჟიმის” ჩართვა.
სრულ ფერად ეკრანი და ვიზუალური მხარდაჭერა – მოწყობილობას აქვს სრულ ფერადი ეკრანი ნათელი გამომსახველი სურათებით, CPR ციკლის ტაიმერით და ფერადი ზოლის მაჩვენებლით, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს CPR კომპრესიის სიღრმეს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე სპორტი ასოცირდება მაღალ ფიზიკურ დატვირთვებთან და სტრესთან. სპორტში მატულობს უბედური შემთხვევები, რომელთა შორისაც სჭარბობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე და ფატალური გართულებები. Zoll AED 3-ის ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები მას გახდის იდეალურ არჩევანს სპორტული ღონისძიებებისთვის, სადაც სწრაფი და ეფექტური ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამჟამად კალათბურთის ფედერაციის რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებსაც მატჩების მსვლელობისას ხშირად უწევთ დარბაზებში ყოფნა, სპეციალური ტრენინგი გაიარეს აღნიშნული მოწყობილობის სამართავად. ტრენინგი ჩაატარა ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ZOLL Medical Corporation -ის ავტორიზებულმა პარტნიორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ელენე შენგელიამ. ტრენინგს დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი თორნიკე გოგიჩაიშვილი, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი ზურაბ სულეიმანაშვილი და 16-წლამდელთა ევრობასკეტის (A დივიზიონი) სამედიცინო მიმართულების მენეჯერი ჯუბა გოგინავა.
თბილისში, 8-16 აგვისტოს გასამართ 16-წლამდელთა ევრობასკეტზე პირველად დაიდგმება Zoll AED 3 დეფიბრილატორები, რის შემდეგაც მას პერმანენტული სახე მიეცემა ახალი სეზონიდან ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა ტურნირის მსვლელობისას.
თორნიკე გოგიჩაიშვილი: “სექტემბერში იგეგმება უფრო მასშტაბური ტრენინგი, რომელსაც გაივლიან როგორც მთლიანად ფედერაციის თანამშრომლები, ისე შეჯიბრებების მონაწილე პერსონალი – სპორტსმენები, მედიკოსები, მწვრთნელები, მშობლები. უკლებლივ ყველა, რადგან ამ აპარატების ინტელექტუალური ალგორითმი საშუალებას გვაძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც სამედიცინო განათლება არ ჰქონდეს, მთავარია ფლობდეს იმ საჭირო უნარებს, რაც პირველადი დახმარების მიწოდებას მოიცავს. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ სამედიცინო პროექტის მხარდაჭერისა და ძალიან საჭირო აპარატურის შეძენისთვის. ასევე მადლობა ქალბატონ ელენე შენგელიას, რომელმაც დღევანდელი ტრენინგი ჩაატარა.”