ფიბა-ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელის შეხვედრა სამინისტროში

ფიბა-ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელის შეხვედრა სამინისტროში

ფიბა-ევროპის პრეზიდენტი და ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი თურგაი დემირელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

დემირელს სამინისტროში უმასპინძლა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. შეხვედრას დაესწრნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.

მინისტრმა სტუმარს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სურვილი უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს. მინისტრის თქმით, ამისთვის აუცილებელია მთავრობისა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობა და FIBA-ს დირექტივების გათვალისწინება. თავის მხრივ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს შანსებზე და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა შეძლებს FIBA-ს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი 4 ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. მასპინძელი ქვეყნები ჯერჯერობით არ შერჩეულან. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საქართველო განხილულ იქნას როგორც ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი.

დღესვე, თურგაი დემირელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს დაესწრება. საქართველოს ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.