ზედიზედ მე-2 სეზონში ევროსარბიელზე ქართული კლუბი იასპარეზებს. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”, რომელიც კოტე ტუღუშის წინამძღოლობით მესამედ გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კლუბები არ არიან განებივრებულები ევროპულ ასპარეზზე გასვლას, ეს ნამდვილად გამორჩეული ამბავია. მკვიდრდება ჩვეულება, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროტურნირში მონაწილეობს და თუკი სწორი მიმართულებით განვითარებას გააგრძელებენ, ევროსარბიელზე ქართული კლუბების რიცხვი გაიზრდება.
წინა, 2023-2024 წლების სეზონში 5-წლიანი წყვეტის შემდეგ ევროტურნირზე სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ იასპარეზა, რომელმაც თავიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მოსინჯა ძალა და პორტუგალიურ ბენფიკასთან დამარცხების შემდეგ ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა, სადაც თავი არ შეურცხვენია (ჯგუფში 1 მატჩი მოიგო და სამში ბრძოლაში დამარცხდა). ანალოგიურ გზას დაადგება ახალი სეზონიდან “ქუთაისი 2010”-იც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, ანტალიაში იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდნენ, ქუთაისელებმა ზედიზედ სამი მეტოქე უნდა დაამარცხონ. თუ ეს ვერ მოახერხეს, იმერული კლუბი შედარებით დაბალი რანგის ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 19 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა.
ქუთაისელები, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ, თუმცა როგორც გითხართ, ამ ტურნირიდან გამოვარდნის შემთხვევაში ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვთ. მიუნხენში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება “ქუთაისი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში დამარცხების შემთხვევაში. არის 3 ვარიანტი, რომლებიც იმაზეა დამოკიდებული, საკვალიფიკაციოს რომელი ეტაპიდან გამოეთიშება გუნდი ბრძოლა – მეოთხედფინალიდან, ნახევარფინალიდან თუ ფინალიდან.
საკვალიფიკაციოში ქუთაისის პირველი (მეოთხედფინალი) მეტოქეა სლოვაკური “ლევიცე” და ამ წყვილს შორის მოგებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული გუნდი მოხვდება ფიბა ევროპის J ჯგუფში, სადაც გერმანული ტელეკომ ბონი, ბულგარული ბალკანი და ბილბაო (ესპანეთი)-ნეპტუნასს (ლატვია) შორის გამარჯვებული მოხვდნენ.
თუკი ლევიცეს ბარიერი დაძლია, ქუთაისი ესტონურ “კალევს” შეხვდება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავა, დამარცხებული გუნდი კი ფიბა ევროპის თასზე გადავა და ითამაშებს B ჯგუფში, სადაც ესპანური სარაგოსა, თურქული ბურსასფორი და ანორთოსისი (კვიპროსი) – სტარლიტს (მალტა) შორის გამარჯვებული იქნებიან.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის ფინალში წაგებულ გუნდს ეხება. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ქუთაისმა ლევიცესაც მოუგო, კალევსაც და საკვალიფიკაციოს ფინალში გავიდა, მისი წაგების შემთხვევაში ფიბა ევროპის თასის F ჯგუფში ითამაშებს – ბულგარულ რილსკი სპორტისთან, ფრანგულ ლე პორტელთან და ფეჰერვარ (უნგრეთი) – პრლევიძას (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებულთან.
მთლიანობაში ფიბა-ევროპის თასზე 40 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 10 ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 საუკეთესო გავა – ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი. რაც შეეხება ჩემპიონთ ლიგას, თუკი სამივე მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, ქუთაისო ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გადაინაცვლებს და ჯგუფში თურქულ გალათასარაისთან, ბერძნულ პრომეთეასთან და გერმანულ რასტა ვეხტასთან მოხვდება.
მიუნხენში გამართულ წილისყრას “ქუთაისი 2010”-ის გენერალური მენეჯერი ტრისტან ჭაბუკიანი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი შალვა ონიანი დაესწრნენ. მოგეხსენებათ, ევროასპარეზზე გასულ გუნდებს ეროვნული ფედერაცია როგორც ფინანსურად, ისე სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებში ეხმარება. ასე იყო შარშან, თსუ-ს შემთხვევაში და ასე წელსა, ქუთაისის გუნდის მიმართებაში.
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე მინი-ტურნირი სექტემბრის მეორე ნახევარში ანტალიაში გაიმართება. თითო ტურნირში 6-6 გუნდი მონაწილეობს და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს. “ქუთაისი 2010” ეგრეთწოდებულ ჩემპიონების მინი-ტურნირში ასპარეზობს, სადაც ისეთი ქვეყნების ჩემპიონები გამოდიან, რომლებსაც ძირითად ბადეში მოსახვედრად საერთაშორისო რეიტინგი არ ჰყოფნით – საქართველოსთან (ქუთაისი) ერთად აღნიშნულ მინი-ტურნირში ასპარეზობენ: სლოვაკეთის ჩემპიონი “ლევიცე” (ქუთაისის მეტოქე), კოსოვოს ჩემპიონი “რეპჩა, კერავნოსი” (კვიპროსი), კალევი (ესტონეთი) და ნიმბურკი (ჩეხეთი).
ქუთაისი 2010 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცი ტურნირის პირველ მატჩს 18 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სლოვაკურ ლევიცესთან გამართავს.