ფიბა-ს ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მშენებარე დარბაზი დაათვალიერა

ფიბა-ს ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მშენებარე დარბაზი დაათვალიერა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად მასპინძლობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია  FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

FIBA ევროპის ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, რომელთა შორის ასევე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე ფიბა ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

გუშინ, სასტუმრო “თბილისის მარიოტში” გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი-2022, ხოლო დღეს, ვიზიტის ფარგლებში,  ფიბა-ს ხელმძღვანელობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. 

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ფიბა-ს მაღალჩინოსნები ოლიმპიურ სასახლესთან მშენებარე სპორტკომპლექსს ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცვნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას. 

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ნდობის გამოცხადებას და ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს.