მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი და ტექნიკური დელეგატია, მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურება. 3-დან 11 ივლისის ჩათვლით, ლატვიის ქალაქებში – რიგასა და დაუგავპილსში 19-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ჩატარდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ქართველი არბიტრი ( ან კომისარი) სამუშაოდ ამ რანგის ტურნირზე მიიწვიეს. მერაბ რატიშვილმა ჩვენს კითხვებს უპასუხა…
- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ქართველ მსაჯს, ან კომისარს არ უმუშავია… რამდენად აცნობიერებთ ესოდენ დიდ პასუხისმგებლობას მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციისგან?
– რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან მსოფლიოში არსებული მოქმედი კომისრებიდან ფიბამ 4 პიროვნებას (ორს ევროპიდან, თითოს – აფრიკიდან და ამერიკიდან) გვანდო ამ შეჯიბრების მომსახურება. მიმდინარე სეზონში, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მსოფლიოს 19-წლამდე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩვენს პლანეტაზე რანგით ყველაზე დიდი ტურნირია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაფასება ან ნდობა, ეს აგრეთვე გახლავთ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს სოლიდურობის აღიარება.
- პანდემიის გამო შარშან ფიბა-ს ასაკობრივი მსოფლიოს და კონტინენტური ჩემპიონატები არ ჩატარდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც ალბათ ბაბლის პრინციპით ტარდება, რაც ჩვეულებრივზე მეტი მოვალეობებს აკისრებს კომისრებს…
– შარშანდელი სეზონის, პრაქტიკულად, გაუქმების შემდეგ (არ ჩატარდა მსოფლიოს 17-წლამდე ვაჟთა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები, კონტინენტური ასაკობრივი ჩემპიონატები, ევრობასკეტის ჩატარება ერთი წლით გადაიდო), ფიბას გადაწყვეტილებით შარშანდელი ოქტომბრიდან ყველა ტურნირი ტარდება ბაბლის პრინციპით, რაც არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი სისტემა სადღეისოდ არ არსებობს. პირველ ეტაპზე, რიგაში და დაუგავპილსში იქნება ცალ-ცალკე ბაბლები 8-8 გუნდით, ხოლო ფინალური ეტაპზე ყველა, 16-ივე გუნდი რიგაში მოიყრის თავს და იცხოვრებს ერთ ბაბლში. თავისთავად, 16 გუნდიან ბაბლს სჭირდება გაცილებით დიდი ყურადრება და კონტროლი, ამიტომაც ჩემპიონატზე მომუშავე კომისრებს პირდაპირ გვაქვს დავალებული, რომ კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საორგანიზაციო კომიტეტს, ტურნირზე აკრედიტებულ ექიმებს და კოვიდ-ოფიცრებს, რათა მოხდეს კოვიდ-პროტოკოლის სრული დაცვა და მინიმუმამდე მაინც შემცირდეს ვირუსის გადაცემის ან შიდა გავრცელების შესაძლო შემთხვევები. პირადად მე ვეთანხმები ამ სისტემას, რადგან პირველ რიგში მოთამაშეების (თანაც ახალგაზრდების), ისევე როგორც ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილეობის ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი.
- A და B დივიზიონების ნაცვლად ამ ზაფხულს ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, პანდემიური ფონიდან გამომდინარე, მცირეგუნდიანი ჩელენჯერები ჩაეტარებინა და ევროპის მასშტაბით დაგეგმილ 28 ასეთი ტურნირიდან 11-ში ქართველი არბიტრები და კომისარი იმუშავებენ. რამდენად დიდი წარმატება გახლავთ ეს საქართველოსთვის და რამდენად მოსალოდნელია ქართველი მსაჯების მატება საერთაშორისო ასპარეზზე?
– ციფრები თავად პასუხობს თქვენი კითხვის პირველ ნაწილს – ჩვენი მსაჯებისა და კომისრის ჩართულობა ევროპულ ჩელენჯერებზე საკმაოდ დიდია. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ დანიშვნებში ფიგურირებენ როგორც გამოცდილი არბიტრები (მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი), ასევე ახალგაზრდებიც (მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური).
ჩელენჯერების ორგანიზებაში სერიოზულადაა ჩართული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: იცით, რომ თბილისში 2 ჩელენჯერი გაიმართება – ივლისში 20-წლამდე ვაჟთა, ხოლო აგვისტოში – 16-წლამდე ქალთა.
რაც შეეხება ქართველი ფიბას არბიტრების მატებას – მოგეხსენებათ ფიბას მსაჯთა სალიცენზიო პერიოდი ორწლიანია. ახალი ციკლი იწყება 2021 წლის 1 სექტემბერს და უკვე მოქმედმა ქართველმა ფიბას არბიტრებმა და კომისარმა წარმატებით ჩააბარეს ფიბას გამოცდები ლიცენზიების კიდევ ორი წლით გასახანგრძლივებლად. იქნება მატებაც – ქალი მსაჯის მხრივ, თუმცა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და სჯობს დაველოდოთ ფიბა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც მომდევნო თვეში გამოქვეყნდება.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის მსაჯთა ეროვნულ ინსტრუქტორს დრაგან ნეშკოვიჩს. მათ მიერ შემუშავებული მსაჯთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ინტენსიურად არიან ჩართულები უმაღლესი დონის ევროპელი მოქმედი მსაჯები (ილია ბელოშევიჩი, სრეტენ რადოვიჩი, საშა პუკლი…) და მსაჯთა ინსტრუქტორები, იძლევა შედეგს, რისი ნათელი დადასტურებაცაა წლევანდელი ზაფხულის დანიშვნები და ქართველი ფიბას არბიტრების რაოდენობის ზრდა.