საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ფიბა-ს თანამშრომლობის ფარგლებში ევროპაში სამწვრთნელო სემინარებზე კიდევ 3 ახალგაზრდა გაემგზავრა. ამჯერად ეს გახლდათ ახალგაზრდა, 14 წლამდე ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელების სემინარი, რომლის ფარგლებშიც შარშან პორტუგალიაში 4 მწვრთნელი იმყოფებოდა, წლეულს კი კიდევ 3 გაემგზავრა.
ფიბა-ს აღნიშნულ სემინარს შარშან ბექა ბექაია, სანდრო ნოზაძე, ირაკლი ჯანხოთელიფდე და ნიკა ხუციშვილი დაესწრნენ, რომლებმაც 14-წლამდელებთან მუშაობის მიმართულებით პორტუგალიიდან მდიდარი ცოდნა ჩამოიტანეს. წლეულს ფიბა-ს ამ სემინარს რუმინეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ბუქარესტში 3 ახალგაზრდა მწვრთნელი – ეკატერინე წივწივაძე, ნიკა გურგენიძე და ნიკა ბიწკინაშვილი გაემგზავრნენ.
თეორიულ ცოდნასთან ერთად სემინარის დანიშნულება ის ურთიერთობები იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებს შორის, შეკრების მსვლელობის 3 დღის მანძილზე ჩამოყალიბდა. დამწყებმა მწვრთნელებმა ერთმანეთი გაიცნეს დ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე იმსჯელეს. სემინარის მონაწილეებს მეცადინეობები ჩაუტარდათ კალათბურთის ფუნდამენტურ კომპონენტთა ვარჯიშზე დანერგვასა და მოზარდებისთვის ცოდნის საფუძვლიანად გადაცემაში.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მწვრთნელთა სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში მჭიდროდ თანამშრომლობს და ამის გარდა სხვა პროგრამებშიცაა ჩართული.