ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამის მეორე ეტაპს როგავა და ჯაკობოვი ლატვიაში გადიან

ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამის მეორე ეტაპს როგავა და ჯაკობოვი ლატვიაში გადიან

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელების საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა გრძელდება. დავით როგავა და დიმიტრი ჯაკობოვი ფიბა-ს ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში (FIBA Europe Coaching Certificate (FECC) შარშან ჩაებნენ და 2017 წელს მონტენეგროში, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად მიმდინარე პროგრამის პირველი ეტაპი გაიარეს. მეორე ეტაპი კი ამჟამად ლატვიაში მიმდინარეობს, სადაც ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი იმართება.

დავით როგავა და დიმიტრი ჯაკობოვი ლატვიაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრნენ. პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტს განიხილავენ.

პროგრამას წამყვანი ევროპელი მწვრთნელები უძღვებიან, რომელთაგან გამოსარჩევია პაბლო ლასო, რომელმაც წელს მადრიდის „რეალს“ ევროლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. ლასოსთან ერთად ახალგაზრდა მწვრთნელებს სემინარებს უტარებენ ცნობილი ებრაელი სპეციალისტი არიკ შივეკი და ბალკანელები – ნენად ტრუნიჩი და იანეჟ დრვარიჩი. დავით როგავა და დიმიტრი ჟაკობოვი ლატვიაში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც პროგრამის მეორე ნაწილს დახურავენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საქართველოს შიდა ჩემპიონატებში გამოიყენებენ და დახვეწენ. მომავალ წელს FECC-ის პროგრამის ბოლო, მე-3 ეტაპი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება, რისი დასრულების შემდეგაც გაიმართება შემაჯამებელი გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები ფიბა-ს შესაბამის სამწვრთნელო სერთიფიკატს მიიღებენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არსებული რესურსით FECC-ისა და სხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რაც მომავალში ახალგაზრდა მწვრთნელების მოზიდვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საიმედო გარანტი იქნება.

დიმიტრი ჯაკობოვი და დავით როგავა FECC-ს პროგრამის წამყვან სპეციალისტთან, მადრიდის “რეალის” მწვრთნელ პაბლო ლასოსთან ერთად

დიმიტრი ჯაკობოვი და არიკ შივეკი