საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში “რუსთავი” და ‘ჰიუნდაი” შეხვდებიან. საჩემპიონო სერია 2 მატჩისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ, რომელ გუნდსაც ამ 2 თამაშის შემდეგ მეტი ქულა ექნება მოპოვებული, გამარჯვებულიც (და ჩემპიონიც) ის გახდება. ორივე გუნდმა დიდი ბრძოლები გადაიტანა ნახევარფინალში და ფინალში ბოლო წამებზე გააღწია. რუსთაველებმა ორი მატჩის ჯამში ზაზა ფაჩულიას აკადემიის (ზფა) გუნდს მოუგეს, ხოლო ჰიუნდაიმ ნახევარფინალიდან “ვინგსი” გააგდო.
შესაბამისად, ნახევარფინალში წაგებული გუნდები ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან, რომელიც დღეს, 16 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება. დღესვე ჩატარდება ფინალური სერიის პირველი მატჩი, ხოლო 18 ივნისს, მეორე მატჩის შემდეგ, ჩემპიონი გამოვლინდება.
ჰიუნდაიმ ვინგსი 2 მატჩის ჯამში 4 ქულით დაამარცხა. ეს 4 ქულა ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაიმ პირველ მატჩში მოიგო (81:77), მეორე შეხვედრა კი ფრედ – 66:66 დასრულდა. პირველი მატჩის 27-ე წუთზე ვინგსი 19 ქულით – 64:45 უგებდა ჰიუნდაის და მოხდა ისე, რომ ჰიუნდაელებმა 4 ქულით გაიმარჯვეს. მეორე მატჩშიც დიდი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ვინგსმა ვეღარ მოახერხა 4 ქულის ამოღება და ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ მატჩიც დასრულდა. 2-მატჩიანი სერიის დროს შეხვედრის ფრედ დასრულება წესით დაშვებულია.
მეორე ნახევარფინალური სერია უფრო დრამატული გამოდგა. სერიის პირველ მატჩში ზფა-მ თბილისში 16 ქულით (78:94) დაამარცხა რუსთავი და ფინალში გასასვლელად საპასუხო მატჩში ამ ლიდერობის შენარჩუნება მართებდა. მართალია, რუსთავში თამაში რთულია, მაგრამ 16 ქულაც არაა ცოტა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს. რუსთავმა მატჩი 88:70 მოიგო და 2 შეხვედრის ჯამში 2 ქულით გაიმარჯვა. რუსთაველებს ამჯერადაც დათა ვაშაკიძემ ულიდერა, რომელმაც პირველ მატჩში 40 ქულა ჩააგდო, მეორეში კი 22 ქულა და 14 პასი მიითვალა.
ფინალური სერია დღეს თბილისში გაიხსნება, ხოლო მე-3 ვერცხლის მედლებს დღესვე ზფა და ვინგსი გაითამაშებენ.