4 ივნისი ფოთელებს კარგა ხანი ემახსოვრებათ. ამ კვირა დღეს ბექა ბექაიას გაწვრთნილმა 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (A ლიგა) პირველი მატჩი მოიგო. ეს იყო ფოთელთა პირველი საშინაო მატჩი, რომელიც გუნდმა ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსის საკალათბურთო დარბაზში ჩაატარა. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, გასული წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას მიერ პირადი სახსრებით აშენებული მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მან გარდაცვალებამდე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა და სხვა სპორტულ წრეებთან ერთად იქ საკალათბურთო გუნდებიც ვარჯიშობენ.
გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც. ბექა ბექაიას გუნდმა სასწაულებრივად მოიგო. ფოთელებს აქამდე 6 მატჩი სულ სტუმრად ჰქონდათ ჩატარებული და გამარჯვების გემო არ იცოდნენ. ფოთს პირველ საშინაო მატჩში მეტოქედ თელავი ჰყავდა, რომელსაც მანამდე გამართული 7 მატჩიდან 5 მოეგო. მატჩის დასაწყისიდან ბოლო პერიოდამდე ფოთელები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ფავორიტად მიჩნეულმა თელაველებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე 5 ქულით – 60:55 დაწინაურდნენ.
ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა სავსე დარბაზის ქომაგობით შეგულიანებულმა ფოთელებმა საოცრად ითამაშეს და გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი გახდა ნიკოლოზ ცხვარაძე, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა – 58:60. დროის მოგების მიზნით მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, რამაც გაამართლა: თელაველმა თენგო ენუქაშვილმა ორივე საჯარიმო გააცუდა და ფოთელებს თამაშის გადასარჩენად 17 წამი დარჩათ. ბოლო შეტევაში ნიკოლოზ ცხვარაძემ საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო, ანგარიში 61:60 (სტატისტიკა) გახადა და მოედანი ფოთელი მოთამაშეებისა და ქომაგების ზეიმის ასპარეზად იქცა. მთელი დარბაზი ხარობდა – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბექა ბექაიამ ეს გამარჯვება ფოთში კალათბურთის დიდ მოამაგეს, არაერთი თაობისა და წარმატებული კალათბურთელის გამზრდელს, თავად უბადლო მოთამაშესა და პიროვნებას – როლანდ გარუჩავას ხსოვნას მიუძღვნა.
ფოთელები მომდევნო 5 მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.