გიორგი შერმადინის ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. აღნიშნული ტურნირის მე-2 ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ტენერიფელებმა თურქულ ქარშიაქას უმასპინძლეს და 88:79 გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.
ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის, ტენერიფელებს კი 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვთ. ეს წარმატება სწორედ ქარშიაქასთან გამარჯვებამ მოიტანა, რომელშიც ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგიანობის მხრივ გიორგი კაილ გაის (17 ქულა), ტიმ აბრომაიტისსა (16) და მარსელინიო უერტასს (16) ჩამორჩა.
ბოლო ტურის მატჩს ტენერიფე საბერძნეთში, პერისტერისთან, 19 მარტს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში პირველი ადგილიდან გავა, რასაც მომავალი მეტოქის შერჩევის საქმეში გარკვეული მნიშვნელობა აქვს.