ქართული ლეგიონის ევროპული შაბათობა

შაბათს საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატები მოუხდა მოედანზე გასვლა და ზოგმა თავი გამოიჩინა, ზოგმაც ეს ვერ მოახერხა. ყველაზე საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა იტალიის „კანტუში“ მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილს, ვისმა გუნდმაც „მონტეგრანარო“ 79:75 დაამარცხა.
 

მანუჩარ მარკოიშვილი
 
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, რითაც თავისიანებს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
მოიგო ნიკა მეტრეველის „სიენამაც“, რომელმაც ნიკა ცქიტიშვილის ყოფილი გუნდი „ტერამო“ 94:70 დაამარცხა, მაგრამ ქართველ ცენტრს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
იტალიის ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ვიქტორ სანიკიძე გუშინ ისვენებდა და თავის შეხვედრას დღეს გამართავს – მისი “ვირტუსი” “ნაპოლის” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბოლონიელებს თითო მოგება-წაგება აქვთ.
საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. “ტრიკალამ”, რომლის ღირსებასაც გიორგი ცინცაძე იცავს, სტუმრად აეკ-ი დაამარცხა – 94:86. ქართველ კალათბურთელს მოედანზე ყოფნის საშუალება სულ შვიუდწუთნახევრით მიეცა, თუმცა ეს დრო ქულების მოსაგროვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა – ქართველმა გამთამაშებელმა საშუალო დისტანციიდან შესრულებული ორივე ტყორცნა მიზანს ააცილა. სადებიუტო შეხვედრაში, “ბუმ” აქტივში მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ტაირონ ელისმა. განვლილ სამივე ტურში დამარცხებული ელისის “კახასოლი”, მასსავით მოგების გარეშე მყოფ “ესტუდიანტესს” ესტუმრა და მაღალ დონეზე ჩატარებული მეორე და მესამე მეოთხედების ხარჯზე იოლად იმარჯვა – 84:63.
რაც შეეხება ელისს, მართალია, იგი ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 25 წუთის გატარება მაინც მოუწია. საქართველოს ნაკრების მცველმა, ამ დროში 11 ქულისა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი) და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ადრიატიკის ლიგაზე ვლადიმერ ბოისას “ზადარი”  სტუმრად ბოსნიურ “შიროკისთან” დამარცხდა – 70:83. ბოისამ. 27 წუთში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნატყორცნი 4-4 სამქულიანიდან და ორქულიანიდან, ვოვამ მხოლოდ ერთი შეტევა დაასრულა შედეგიანად. ამასთან, ორივე საჯარიმოც ააცილა. ვოვას ანგარიშზე იყო ასევე 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა–დაფარება.
“ზადარი” მეოთხე პოზიციაზე დარჩა. ბოისას გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს საკუთარ მოედანზე სერბული “პარტიზანის” წინააღმდეგ გამართავს.