ქართველების 35 ქულამ “როკს” ტალინში ვერ უშველა

ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მოგებით გახსნის შემდეგ გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „ტარტუ როკმა“ მომდევნო თამაშები წააგო და საერთო ანგარიშში 1:2 ჩამორჩა. ამჯერად შეხვედრას ესტონეთის დედაქალაქმატალინმა უმასპინძლა და საკუთარი ქომაგების გულშემატკივრობით შეგულიანებულმა „კალევმა“ 75:70 გაიმარჯვა.
ქართველებმა ამჯერადაც გამორჩეულად ითამაშეს – მათმა მონაგარმა ტარტუელთა მოგროვილ ქულათა ზუსტად ნახევარი, 35 ქულა შეადგინა, თუმცა ცინცაძესა და სანიკიძეს გარჯა არ დაუფასდათ და მიუხედავად ტარტუელთა სოლიდური ლიდერობისა, მაინც წააგეს.
სერიის მე-2 მატჩში ტარტუელებმა 17-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს, ტალინში გამართულ შეხვედრაში კი უკვე 11-ქულიანი ფორა გაფლანგეს.
დასკვნითი პერიოდის წინ “როკი” 7 ქულით იგებდა, უკანასკნელი ათწუთეული 12:24 წააგო და სერიაში მე-2 მარცხი განიცადა.
გასული მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ორივე ქართველმა კალათბურთელმა ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
სანიკიძემ მოედანზე 32 წუთი დაჰყო და 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
37 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა გიორგი ცინცაძემ. მან 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.
ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი 25 მაისს ისევ ტალინში გაიმართება.
 

ვიქტორ სანიკიძე ბურთს ტალინელთა კალათში ტენის