“ქუთაისი”: ფინალში ვართ!

“ქუთაისი”: ფინალში ვართ!

ქუთაისელები პირველი ფინალისტები არიან – ზვიად ცერცვაძის გუნდმა დღეს ზვიად დიდბარიძის „მართვე–4“–ს მეორე ნახევარფინალური მატჩიც მოუგო და საჩემპიონო სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოვიდა. იმერლები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდურად იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე მართველებმა უდიდესი შეუპოვრობისა და ბრძოლის ხარჯზე დაწინაურება მოახერხეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვერ იმარჯვეს და სერიაში ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავეს.ალეკო ჩოჩიას, ლევან ლოლიშვილის და განსაკუთრებით რევაზ როგავას დახმარებით ბოლოსწინა წუთზე მართველები ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელთა ლიდერმა დავით იაშვილმა ზუსტი გარღვევით თავისიანებს ქულიანი ლიდერობა დაუბრუნა. მომდევნო შეტევა თბილისელებმა გააფუჭეს და ქუთაისელმა დიმიტრი დვალიშვილმა იმერლების უფირატესობა სამ ქულამდე გაზარდა.ალეკო ჩოჩია სირენამდე 31 წამით ადრე ზუსტი ორქულიანით მინიმუმამდე ამცირებს მართველების ჩამორჩენას, ქუთაისელები კი საპასუხო შეტევაში ზონის წესს არღვევენ და კვლავ ჩოჩიას ეძლევა მართველების დაწინაურების შანსი, მაგრამ აცილებს და თბილისელები ტაქტიკურ ჯარიმას იღებენ. დვალიშვილი ორივე საჯარიმოს აცილებს, თუმცა მისი თანაგუნდელი ვახტანგ ცაგარეიშვილი ფარქვეშ ყოჩაღობს და ბურთს ეუფლება. მასზეც ჯარიმდებიან თბილისელები, თუმცა ცაგარეიშვილიც ორივე საჯარიმოს აცილებს და დარჩენილ 16 წამში მასპინძლები კიდევ 2 სროლის განხორციელებას ასწრებენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ და…ქუთაისელები ფინალში ნაადრევად გავიდნენ და ახლა „51–ე სკოლისა“ და „მართვე–3“–ის მესამე გადამწყვეტ მატჩს ელოდებიან, რათა მათი საჩემპიონო მოცილის ვინაობა შეიტყონ.