ქუთაისმა ესპანურ ბილბაოსთან ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო

ქუთაისმა ესპანურ ბილბაოსთან ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო

ფიბა ევროპის თასზე მერე მატჩი გამართა სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისი 2010-მა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ერთ-ერთ წამყვანი ლიგის ძლიერ წარმომადგენელს, რომელმაც გასულ შაბათს მადრიდის რეალი დაამარცხა, თბილისში უმასპინძლა. შეხვედრა ბასკური კლუბის გამარჯვებით – 88:57 (სტატისტიკა) დასრულდა. 

ქუთაისელებმა წინა ტურში სტუმრად, სლოვაკეთში ითამაშეს და პრევიდზასთან ბრძოლაში დამარცხდნენ, ხოლო ბილბაომ J ჯგუფის მეოთხე წარმომადგენელს, ბულგარულ ბალკანს უმასპინძლა და 40 ქულით გაანადგურა. იმერულმა კლუბმა სლოვაკეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ 1 ამერიკელი დაიმატა, ხოლო მეორემ ტრავმა მოირჩინა და დღევანდელ შეხვედრაში ტუღუშის გუნდი შედარებით გაძლიერებული იყო.

ეს პირველ პერიოდშიც გამოჩნდა. ქუთაისელები ტოლს არ უდებდნენ უძლიერეს მეტოქეს, რომლის შემადგენლობაში ყველაზე სახელიანი მოთამაშე სლოვენიის ნაკრების წევრი, ზორან დრაგიჩი გახლდათ. ქუთაისელები პირველი პერიოდის ბოლო წუთამდე უგებდნენ ბილბაოელებს, თუმცა ზედ ბოლო წუთის დაწყებისას მელვინ პანცარმა სტუმრები სამქულიანით 17:15 დააწინაურა. ეს იყო და ბასკურ გუნდს ლიდერობა აღარ დაუთმია. 

ქუთაისში საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 17 ქულა, 13 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბილბაოელებს ესტონელმა კრისტიან კულამაემ ულიდერა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 18 ქულა და 5 პასი მოაგროვა. 

ქუთაისი 2010 ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ტურის მატჩს 23 ოქტომბერს, ბულგარეთში, ბალკანთან გამართავს.

ფოტო: Bc Kutaisi 2010 – სკ ქუთაისი 2010″