სანაკრებო ფანჯრის გამო გამოცხადებული პაუზა დასრულებულია – სუპერლიგა დღეს მე-7 ტურიდან განახლდა. 5 მატჩი ტრადიციულად 3 დღეზეა გადანაწილებული. დღეს პირველი შეხვედრა გურჯაანში გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “დელტამ” ერთ-ერთ ლიდერ “ქუთაისი 2010”-ს უმასპინძლა.
მატჩი ფავორიტად იმერული კლუბი ითვლებოდა. გურჯაანელებს მიმდინარე სუპერლიგაში 6-დან 6 მარცხი ჰქონდათ, ქუთაისელებს კი 5-დან 4 გამარჯვება. მოქმედ ჩემპიონ ქუთაისს უკანახაზელი ტაირი ბოიკინი აკლდა, თუმცა გამოუჯანმრთელდა გოლიათი ცენტრი ჯავიონ ოგუნიემი, რომელიც ტრავმის გამო მე-2 ტურის შემდეგ ვერ თამაშობდა.
ოგუნიემიმ არასრული 20 წუთი ითამაშა და ქუთაისს ფარის მოგებაში დაეხმარა. საბოლოოდ სტუმრებმა მეტოქეზე 17-ით მეტი ბურთი
მოხსნეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე – რა თქმა უნდა, ქუთაისელთა სასარგებლოდ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ პირველი პერიოდი დათმო, ისიც 3 ქულით, რის შემდეგაც მატჩის სადავეებს დაეპატრონა და დიდ შესვენებამდე ლიდერის ამპლუაში მივიდა – 34:27.
ამის შემდეგ ქუთაისელებს პოზიციები აღარ დაუთმიათ და საბოლოოდ ისე იმარჯვეს, კითხვის ნიშანი არ დაუტოვებიათ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ ცდა არ დააკლო, მაგრამ გამართულად მოთამაშე ქუთაისელების ძლევა ვერ მოახერხა. საბოლოოდ 84:65 (სტატისტიკა) და მოქმედი ჩემპიონი ცხრილის სათავეში მოექცა.
ქუთაისელთა შორის საუკეთესო იყო დეტრიკ ბრაუნინგი – 22 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. ლუკა ალავიძემ 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა (ყველა საკუთარ ფარზე) და 5 პასი დაგროვდა. ზემოთ ნახსენებმა ოგუნიემიმ 10 ქულა და 6 პასი მიითვალა.
გურჯაანელთა გუნდში 15 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით შამარკუს კენედი გამოირჩა. 12 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა ოთარ ბულიავამ, 12 ქულა და 4 პასი დაგროვდა გურჯაანელთა კიდევ ერთი ახალწვეულის – ლუკ მოიერის ანგარიშზე. მოიერი სუპერლიგისთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელია 2017-2019 წლებში ის კლუბ “ტიტებში” ასპარეზობდა, ხოლო 2020-2021 წლების სეზონში “ქუთაისის” ღირსებას იცავდა.
სუპერლიგის მე-7 ტურის მომდევნო 3 შეხვედრა შაბათს, 6 დეკემბერს, თბილისში გაიმართება: თბილისი არენაზე ერთმანეთს კსუ – ორბი და რაში – თსუ შეხვდებიან, ხოლო დიღმის არენაზე ვსა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლებს.