ქუთაისმა მგზავრებს მოუგო, ბათუმმა – მარნეულს

ქუთაისმა მგზავრებს მოუგო, ბათუმმა – მარნეულს

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში. იმერეთში სათამაშოდ “მგზავრები” ჩავიდა და ბრძოლა არ შედგა. დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერმა “ქუთაისმა” საკმაოდ იოლად – 40 ქულის სხვაობით – 112:72 დაამარცხა სტუმარი გუნდი და ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. 

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე იმერულ კლუბს 2 საშინაო მატჩი დარჩა – 25 აპრილს “ოლიმპთან” და 30 აპრილს – “მარნეულთან”, რომელთა მოგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გავა. ეს კი ქუთაისელებს პლეი ოფის ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას გაუნაღდებს. 

“მგზავრებმა” ქუთაისში წაგებით ცხრილში საკუთარი ადგილი გამოიწერა. რაც არ უნდა მოხდეს, “მგზავრები” რეგულარულ ჩემპიონატს მე-7 ადგილზე დაასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალურ სერიაში მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება. მეორე ადგილზე ვინ გავა, ეს დარჩენილ 2 ტურში გამოჩნდება: ჯერ უცნობია, როგორ გადანაწილდება პირველი ოთხი ადგილი ქუთაისს, კაკტუსს, დინამოსა და რუსთავს შორის.

დღეს გამართულ მეორე მატჩში დიდი ბრძოლა იყო. ბათუმში ჩასული მარნეულის “დელტა” თითქმის მთელი მატჩის მანძილზე უგებდა მასპინძლებს, თუმცა ბოლო წუთზე სპენსერ კოლინსის ქულებით აჭარულმა კლუბმა 2 ქულით – 86:84 გაიმარჯვა და მე-5 ადგილზე გამაგრდა. ამ ადგილს ბათუმელებს “ოლიმპი” ეცილება, რომელსაც ერთი ქულით ნაკლები აქვს. რაც შეეხება “მარნეულს”, გადაწყვეტილია, რომ ეს გუნდი რეგულარულს მე-8 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ რაუნდში პირველადგილოსანს დაუპირისპირდება.