ქუთაისმა რაშს სერიის გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ნახევარფინალი შეავსო

ქუთაისმა რაშს სერიის გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ნახევარფინალი შეავსო

საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალები დაკომპლექტდა. დღეს გაირკვა ბოლო ნახევარფინალისტი და ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”, რომელმაც მეოთხედფინალური სერია 3:2 მოუგო სუპერლიგის დებიუტანტ “რაშს”.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ 4-დან მე-3 მეოთხედფინალური სერია, რომელშიც გამარჯვებული ბოლო, მე-5 მატჩში გამოვლინდა. აქამდე კავკასია-თსუ-სა და გაუ-ორბის წყვილებში გამარჯვებულის გარკვევას დასჭირდა გადამწყვეტი შეხვედრა. ქუთაისისა და რაშის სერია იმერული კლუბის 2 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა თბილისში რაშმა ზედიზედ 2 მატჩში იმარჯვა და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში გაიმართა, რომელშიც მასპინძელი დომინანტის როლში მოგვევლინა. ქუთაისელებმა შეხვედრა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონნენ. სწრაფი შეტევებითა და ფარქვეშ პოზიციური თამაშით მასპინძლები იოლად იხვეჭდნენ ქულებს და პირველი პერიოდის შემდეგ უკვე 18 ქულას იგებდნენ.

მეორე ათწუთეულში რაშმა თამაშის გამოსწორება შეძლო. დაცვაში მარწუხებს მოუჭირა, შეტევაშიც გაზა გაეხსნათ და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს – 30:41. ეს იყო და ეს. თამაში მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა და ქუთაისის ლიდერობა კიდევ უფრო გაიზარდა. თამაშის ბოლომდე სცენარი აღარ შეცვლილა. მასპინძლებმა მესამე პერიოდი 7 ქულით მოიგეს და მეტოქე თამაშის ბოლომდე სათოფეზე აღარ გაიკარეს. 

შეხვედრა საბოლოოდ 84:68 (სტატისტიკა) დასრულდა. ქუთაისს 25 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით დეტრეკ ბრაუნინგმა ულიდერა. 14 ქულა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, 13 – მიხეილ ბერიშვილმა. რაშის შემადგენლობაში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ევან მილიგენი, ენტონი ელსტონის ანგარიშზე 10 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

ქუთაისი ნახევარფინალში გაუ-ს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს გურჯაანის დელტა და კავკასია დაუპირისპირდებიან.