საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური სერია დაიწყო. “ქუთაისი” – “სოხუმი-საქართველოს” წყვილმა სერიის პირველი მატჩი თბილისი არენაზე გამართა, სპორტუნი-ოვერტაიმს შორის სერია კი 13 აპრილს დაიწყება.
ქუთაისსა და სოხუმი-საქართველოს შორის სერია წესით იმერული კლუბის მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, რადგან ქუთაისელებს, როგორც რეგულარულ ჩემპიონატში უკეთესი შედეგის მქონეს, მოედნის უპირატესობა აქვს, თუმცა გუნდებმა მოილაპარაკეს და 2 გამარჯვებამდე მიმდინარე სერიის პირველი მატჩი თბილისში, ხოლო მომდევნო(ები), ქუთაისში დაიგეგმა.
დღეს გამართული პირველი შეხვედრა ძალიან დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა. ქუთაისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში წაგების გემო არ იცის და ყველაზე ახლოს დამარცხებასთან სწორედ დღევანდელ შეხვედრაში იყო. ქუთაისელებმა საბოლოოდ 92:90 (სტატისტიკა) იმარჯვეს, თუმცა მეტოქის დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
მთელი თამაში წინ იყო ქუთაისი, მაგრამ სოხუმი-საქართველოს მოთამაშეები ისე იბრძოდნენ, ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს წინ არ უშვებდნენ. ლიდერობა 4-6 ქულა იყო, ერთხელ 10 ქულას მიაღწია, თუმცა მესამე პერიოდში თანაბარი ანგარიშიც დაფიქსირდა. ყველაფერი კი ბოლო წამებზე გადაწყდა. სოხუმელებმა იმდენი ქნეს, რომ საქმე გამთანაბრებელ სროლამდე მიიყვანეს. საფინალო სირენამდე 0.8 წამით ადრე 3 ქულით ჩამორჩენილი სოხუმი-საქართველოს მოთამაშემ, გიორგი მირცხულავამ პირველი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მეორე განზრახ გააცუდა იმ მიზნით, რომ მას თავისიანი შესწვდებოდა და კალათში მოათავსებდა. პირველი პირობა შესრულდა: აცილებული ბურთი ალეკო ვახტანგაძემ მოიხელთა და მყისიერად ესროლა. ბურთი ფარს, შემდეგ რკალს მოხვდა, მაგრამ კალათში არ ჩაეშვა.
გამარჯვებულებს 3 ლიდერი ჰყავდათ: გიორგი სულაბერიძე – 28 ქულა, 22 მოხსნა, ბაქარი ბერეკაშვილი – 26 ქულა, 12 მოხსნა და ლუკა გიორგაძე – 21 ქულა. გიორგი ოჩხიკიძემ 11 ქულა და 6 პასი მიითვალა. სოხუმელთაგან საუკეთესო იყო საბა კალმახელიძე: 29 ქულა, 12 მოხსნა. 19 ქულა დააგროვა ვახტანგ გოგბერაშვილმა, 17 – გიორგი მირცხულავამ, ხოლო ალეკო ვახტანგაძემ მატჩი 13 ქულითა და 9 პასით დაასრულა.
სერიის მეორე მატჩი ქუთაისში, 15 აპრილს გაიმართება. თუ საერთო ანგარიში გათანაბრდა, მეორე დღეს სერიის გადამწყვეტი, მე-3 მატჩი ჩატარდება.