საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში არც ერთ გუნდში არ ყოფილა, რიგის ვეფ-ში ითამაშებს. ლატვიის საუკეთესო კლუბთან ქართველმა უკანახაზელმა ხანმოკლე, მხოლოდ 3-კვირიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც რეალურად გამოსაცდელი პერიოდია, რის შემდეგაც, მისი თამაშიდან გამომდინარე, ქართველ კალათბურთელს ან ხანგრძლივ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ან დაემშვიდობებიან.
“ჩვენი კაპიტნის დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა, რომ მცველის პოზიციაზე შევსება მიგვეღო. ანდრონიკაშვილთან კონტრაქტი სამ კვირაზეა გათვლილი. ის უკვე რიგაში იმყოფება და გუნდთან ერთად რამდენჯერმე ივარჯიშა. მას დებიუტი უკვე ხვალ საღამოს ექნება”, – განაცხადა ვეფ-ის პრეზიდენტმა გატის იაჰოვიცსმა.
რიგის ვეფ-ი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ 1 მოგება გააჩნია. მორიგ მატჩს რიგელები 29 ოქტომბერს, ბერძნულ აეკ-თან გამართავენ და დიდი ალბათობით, ანდრონიკაშვილის დებიუტიც ამ მატჩში შედგება.