საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს გასულ გაზაფხულს დაწყებულ რეგიონალური ფედერაციების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს და იგი ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო პროგრამის დაწყებამ ერთი წლით გადაიწია.
პროგრამის ფარგლებში გასულ აპრილს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანა და ადგილობრივი მწვრთნელებისთვის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების ხელმძღვანელობით მასტერკლასები ჩაატარა. პანდემიის გამო აპრილის შემდეგ ახლა მოხერხდა რეგიონში მორიგი გასვლა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა. ქალაქ ამბროლაურში იგო შეხვდა რაჭა-ლეჩხუმის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ლევან ჯაფარიძეს და რეგიონის მწვრთნელებს.
ადგილობრივ ფედერაციას რაჭა-ლეჩხუმის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სახელმძღვანელოები და სხვა სპორტული ატრიბუტიკა. ფედერაციას გადაეცა სავარჯიშო ფორმები, რომლებიც პროპორციულად გადანაწილდება რეგიონში მოქმედი საკალათბურთო სკოლებზე.
საჩუქრები და სპორტული ატრიბუტიკა ადგილობრივი საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერებმა შალვა ონიანმა და ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა გადასცეს.
რეგიონური ფედერაციების განვითარების პროგრამის განხორციელება აქტიურად გრძელდება.