აქტიურად გრძელდება რეგიონების განვითარების პროგრამა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტი ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში საკალათბურთო ინვენტარის ჩატანა და ამ გზით სპორტის ამ სახეობის განვითარება, კალათბურთის მასობრიობის გაზრდა.
პროგრამა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან (YDF) იღებს გრანტს, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სოლიდურ ფინანსებს ამატებს და ხდება ყველა საჭირო ინვენტარის როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში შეძენა. 3 წელზე მეტია, პროგრამა ხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში ფედერაციამ საქართველოს ყველა რეგიონში ათასზე მეტი ბურთი და ფორმა, ათობით საკალათბურთო ფარი და 24 წამის დამთვლელი მოწყობილობა, ნაირგვარი სავარჯიშო ინვენტარი, სროლის გასასწორებელი ტრენაჟორები და საკალათბურთო ლიტერატურაც ჩაიტანა.
პროგრამას სათავეში უდგას კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად სატვირთოთი ჩადის ყველა რეგიონში და სპეციალური კალკულაციის შედეგად შერჩეული ინვენტარი ჩააქვს.
ინვენტარი უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივ საკალათბურთო ფედერაციას გადაეცემა, რომელიც მას რეგიონის მასშტაბით, საჭიროებისამებრ ანაწილებს ყველა იმ ქალაქსა თუ სოფელზე, სადაც საკალათბურთო წრე ფუნქციონირებს. მორიგი გასვლა 10-11 დეკემბერს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდა.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ახლო წარსულში პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, ხოლო 2002 წლიდან 5 წლის მანძილზე ნბა-ს გუნდების ღირსებას იცავდა, ყველა ქალაქსა თუ სოფელში სიხარულით ხვდებიან. ახალგაზრდა მოთამაშეებს ნიკოლოზ ცქიტიშვილთან გასაუბრებასა და სურათების გადაღებასთან ერთად ფასეული დარიგებების მოსმენაც ძალიან ახარებთ. ცქიტიშვილიც ხალისით ხვდება რეგიონის ახალგაზრდობას და მათ პროფესიულ, საკალათბურთო დარიგებებთან ერთად ცხოვრებაში გამოსადეგ საჭირო რჩევებს აძლევს.
პროგრამის მონაწილეებმა დღე მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში სტუმრობით დაიწყეს, ხაშურში გააგრძელეს და ახალციხით დაასრულეს. ყველა ხსენებულ ლოკაციაზე კონკრეტული რეგიონისთვის განკუთვნილი ინვენტარი ჩავიდა. ხაშურში იმყოფებოდნენ მწვრთნელები კასპიდან, რომლებმაც მათი ქალაქისთვის განკუთვნილი ინვენტარი ჩაიბარეს, ხოლო ახალციხეს იგივე მიზნით ბორჯომელი კალათბურთის მწვრთნელები ესტუმრნენ.
პროგრამა გრძელდება და მორიგი გასვლა ჭიათურაში, გოგონათა საკალათბურთო სკოლის ინვენტარით მომარაგების მიზნით განხორციელდება.
მისაქციელის დარბაზში სტუმრობა
ხაშურის დარბაზში სტუმრობა
ახალციხის #5 საჯარო სკოლის დარბაზში სტუმრობა