გიორგი ცინცაძემ “როკს” ესტონეთის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მოაგებინა. ტარტუელებმა “ტტუ/კალევს” უმასპინძლეს და ანგარიშით 76:67 დაამარცხეს.
ქართველი გამთამაშებელი დამწყებ ხუთეულში არ ყოფილა, ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ტარტუელთაგან ყველაზე მეტი, 16-16 ქულა ცინცაძეს და კალისტუს ეზიუკვუს ჰქონდათ. ცინცძემ უჩვეულოდ კარგად ითამაშა ფარქვეშ და თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 9 ბურთი მოხსნა. გარდა ამისა, გიორგის 4 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა ჰქონდა. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
მართალია, გიორგის თამაშიდან ტყორცნები არ წაუვიდა (9-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო), თუმცა, საჯარიმოს ხაზიდან 10-დან 9 ტყორცნა გამოიყენა.
ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ტალინში, “ტტუ/კალევის” მოედანზე, 22 აპრილს შედგება.