საერთაშორისო მსაჯისა და ქალთა კალათბურთში დაფასებული მწვრთნელის, როლანდ გელოვანის იუბილესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, გელოვანი 3 წლის წინ გარდაიცვალა და კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით მისი სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი იმართება.
ტურნირი პირველად შარშან, თებერვალში ჩატარდა და მას ტრადიცული სახე მიეცა. ამჯერად ტურნირმა უფრო სანახაობრივი სახე მიიღო, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გოგონებმა და კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებში, რომელიც თაკო კახეთელიძის გამარჯვებით დასრულდა.
ვერის ბაღის დარბაზში მისულ გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუმზადეს. პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, მართალია, პატარა ბურთით, მაგრამ ქალმა ბურთი კალათში ჩატენა. ეს შეძლო თაკო ზავრადაშვილმა, რომელსაც მწვრთნელის, ლელა ცანავასა და ქალთა კალათბურთის სხვა სპეციალისტების თქმით, დიდი მომავალი აქვს.
ტურნირის პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა დააჯილდოვეს. ტურნირის ორგანიზება კალათბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით განხორციელდა.