რუსთავიდან ამერიკაში ავსტრიის გავლით: ბეჟანიშვილმა “რატჯერსს” 35 ქულა ჩაუგდო და ილინოისის საუნივერსიტეტო რეკორდი დაამხო

რუსთავიდან ამერიკაში ავსტრიის გავლით: ბეჟანიშვილმა “რატჯერსს” 35 ქულა ჩაუგდო და ილინოისის საუნივერსიტეტო რეკორდი დაამხო

გიორგი ბეჟანიშვილზე მთელი ილინოისი ლაპარაკობს. მისი სახელი ამ შტატის სპორტის მოყვარულებს აქამდე თუ არ ჰქონდათ გაგონილი, ახლა აუცილებლად ეცოდინებათ, რომ 20 წლის ბიჭმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის საკონფერენციო მატჩში “რატჯერსს” 35 ქულა ჩაუგდო და “ილინოის ფაითინ ილინის” რეკორდი მოხსნა. აქამდე ამ უნივერსიტეტის გუნდში ფრეშმენის მიერ ჩაგდებული ქულების მაქსიმუმი იყო 34, რომელიც 1990 წელს დეონ ტომასმა მოაგროვა. 

ჭარმაგი ტომასი “რატჯერსთან” თამაშს ესწრებოდა და ნამატჩევს გიორგი ბეჟანიშვილს წარმატება პირადად მიულოცა.  “ილინოისმა” მეტოქე ოვერტაიმში – 99:94 დაამარცხა და ძალიან ძლიერ – Big Ten-ის კონფერენციაში წარმატებული მატჩების სერია სამამდე გაზარდა. ბოლო 5 მატჩიდან კი ილინოისელებს 4 მოგება აქვთ და მათ ძლეულ გუნდებს შორის არიან მთელი სტუდენტური ლიგის (450-ამდე გუნდი) რეიტინგით 25 საუკეთესოს შორის მყოფი “მერილენდი” (№13) და “მიჩიგან სტეიტი” (№9). 

“ილინოისის” ეს წარმატებები პირდაპირ კავშირშია ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე გიორგი ბეჟანიშვილთან, რომელმაც წინა მატჩში მიჩიგანელებს 16 ქულა ჩაუგდო, მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ 12.2 ქულას, 5 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებს. ბეჟანიშვილი “ილინოის ფაითინ ილინის” ხუთეულის უცვლელი წევრია და ეს ფრეშმენისთვის უკვე სოლიდური ავანსია. აქვე შეგახსენებთ ამერიკის უნივერსიტეტთა სტუდენტების სასწავლო წლების დეფინიციას. პირველ წელს სტუდენტს ჰქვია ფრეშმენი, მეორე წელს – სოფმორი, მესამეში – ჯუნიორი და ბოლო, მეოთხე წელს – სენიორი. ბეჟანიშვილი 20 წლისაა, თუმცა რაკი შარშან ჩააბარა ილინოისის უნივერსიტეტში და პირველი წელია, საკალათბურთო გუნდში თამაშობს, ფრეშმენის სტატუსს ატარებს. 

საიდან მოხვდა ბეჟანიშვილი ილინოისში? ავსტრიიდან, სადაც ის ბუნდესლიგის “კლოშტერნებურგ დაქსში” თამაშობდა. გიორგი ბეჟანიშვილი რუსთავშია დაბადებული და კალათბურთის თამაში არაერთი თაობის აღმზრდელ ოთარ ხმელიძესთან დაიწყო. მისი მშობლები ემგრაციაში ავსტრიაში წავიდნენ და ბეჟანიშვილიც საცხოვრებლად ცენტრალურ ევროპაში გადავიდა, სადაც ავსტრიის მოქალაქეობა ისე მიიღო, საქართველოსი არ დაუთმია. მას ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, თუმცა არც ერთი ქვეყნის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია. მისი ტალანტი ამერიკელმა სკაუტებმა შეამჩნიეს და ბეჟანიშვილს ილინოისის უნივერსიტეტში გადასვლა შესთავაზეს, სადაც სწავლა 100 პროცენტით დაუფინანსეს და საკალათბურთო გუნდ “ილინოის ფაითინ ილინის” ხუთეულშიც ჩასვეს. 

ბეჟანიშვილმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 20-ქულიანი ბარიერი 4-ჯერ დაძლია. არადა, მას ისეთ ძლიერ გუნდებთან უწევდა თამაში, როგორებიც “გონზაგა”, “ქსავიერი”, “პერდიუ”, “ნოტრ დამი”, “ნებრასკა”, “მიჩიგან სტეიტი”, “მერილენდი”, “მიჩიგანი”, “მინესოტა”, “ჯორჯთაუნი” და სხვები არიან. Big Ten-ის კონფერენცია ერთ-ერთი უძლიერესია ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, სადაც დიდი ისტორიისა და რეპუტაციის 14 გუნდი ასპარეზობს. 

ბეჟანიშვილი 206 სანტიმეტრია, რომელიც ფარქვეშ ძალისმიერი თამაშით ფონს იოლად გადის. აქვს რბილი მაჯა და ხშირად მიმართავს ეგრედ წოდებულ ლიფსო-სროლებს. ქულების უმეტესობას ის სამწამიანი ზონიდან აგროვებს, რისთვისაც მეტოქის მაღლებთან კონტაქტში შესვლა ხშირად უხდება და ძალისმიერ ორთაბრძოლებში უმეტესად გამარჯვებული გამოდის. გასულ მატჩამდე ბეჟანიშვილის საამსეზონო რეკორდი 22 ქულა გახლდათ, რაც ქართველმა ფორვარდმა “რატჯერსთან” ერთბაშად 13 ქულით გააუმჯობესა. გიორგიმ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 35 ქულასთან ერთად ბეჟანიშვილმა 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

35-დან 29 ქულა ბეჟანიშვილმა მეორე ნახევარში და ოვერაიმში ჩააგდო. ქართველმა ახალგაზრდამ დამატებით დროში ზუსტი საჯარიმო სროლით მასპინძლები 93:92 დააწინაურა, შემდეგ კი ორქულიანით ანგარიში 95:92 გახადა, ხოლო ბოლო წუთზე პერიმეტრზე უმნიშვნელოვანესი დაფარება მიითვალა. 

მატჩის შემდეგ ილინოისელთა მწვრთნელმა ბრედ ანდერვუდმა ქართველი ფორვარდი დიდად აქო: “უბრალოდ ბურთს ჩვენს მაღალ ბიჭზე ვუშვებდით და მან თავის მხრებით გვატარა – მე-2 ტაიმში 29 ქულა ჩააგდო. შეუძლებელია, გიორგი არ გიყვარდეს, მისი მიზანსწრაფულობა და თავდაჯერებულობა. ბეჟანიშვილის შესაძლებლობები და IQ მაშინათვე ვიცოდით, როდესაც ჩვენთან ვეპატიჟებოდით. ის ფეხებზე საოცრად დგას. ცეკვის გაკვეთილებს უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია”. 

თავად გიორგი ნამატჩევს გახარებული იყო და ხუმრობის ხასიათზეც იდგა: “ასე მაგრად როგორ ვითამაშე? საქმე ის გახლავთ, რომ მატჩამდე ბევრი პოპკორნი შევჭამე. თქვენ გიყვართ პოპკორნი? მატჩამდე მას მივირთმევ და ეს ენერგიას მმატებს. ალბათ, ახლაც ამის შედეგი იყო.
სერიოზულად კი, ყველაფერი ოჯახის დამსახურებაა, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. მცირე ოჯახი მყავს და მის წევრებს ვაღმერთებ. უკანასკნელ მატჩებს ჩემი ძმა დავითი ესწრებოდა და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ყველა მათგანი მოვიგეთ”. 

ილინოისში ბეჟანიშვილი ახლა უზომოდ პოპულარულია. მას ართმევენ ავტოგრაფებს, იწვევენ გადაცემებში და მისი გვარი ყველაზე ხშირად ისმის საკალათბურთო სიუჟეტების დროს. ყველა სკაუტს ის უკვე შეყვანილი ჰყავს პერსპექტიული მოთამაშეების საკუთარ სიაში და თუ ასე გააგრძელა, ბეჟანიშვილით სერიოზულად დაინტერესდებიან ნბა-ს გუნდებიც. წამყვან კონფერენციაში, სახელიან გუნდებთან 20, 22 და 35 ქულების ჩაგდება უბრალო საქმე როდია. ბეჟანიშვილის პლუსი ისაა, რომ 20 წლის ასაკში პროგრესს განიცდის. ის აქამდე კარგი მონაცემების, ჩვეულებრივი ყოჩაღი მოთამაშე იყო, თუმცა ბოლო თვეებში უდიდესი აღმასვლა განიცადა და ტოპ-გუნდებთან მატჩებში დაამტკიცა, რომ დიდი კალათბურთის თამაში შეუძლია.

5 მოგებითა და 8 მარცხით “ილინოის ფაითინ ილინი” 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. შემდეგი მატჩი ილინოისელებს 15 თებერვალს, სტუმრად “ოჰაიო სტეიტთან” ელით. 

ძველი და ახალი რეკორდების ავტორები: დეონ ტომასი (34 ქულა) და გიორგი ბეჟანიშვილი (35 ქულა)