საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით მორიგი აქცია გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ ბერუაშვილი რუსთავის საკალათბურთო სკოლა “არწივს” ესტუმრნენ, რომელსაც საკალათბურთო ფარები, რკალები და ბადეები გადასცეს.
საკალათბურთო სკოლა “არწივი” ქვემო ქართლის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც 2 ლოკაციაზე – რუსთავის 23-ე და მე-5 სკოლებშია განთავსებული და დაახლოებით 150 მოზარდს ავარჯიშებს. “არწივს” აღნიშნული სკოლების დარბაზები იჯარით აქვს აღებული, რომლებშიც საკალათბურთო ინვენტარის განახლება იყო საჭირო. ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტმა მწვრთნელებთან ერთად მოზარდები ძაიან გაახარა. ნბა-ს ყოფილ მოთამაშესთან, რომელიც ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, რუსთაველმა კალათბურთელებმა სურათები გადაიღეს. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა მათ საჭირო რჩევები მისცა როგორც საკალათბრთო, ისე ზოგადად, სპორტული და შემეცნებითი მიმართულებით.
რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე მოიარეს საქართველოს ყველა რეგიონი და პროგრამის ფარგლებში, ფიბა-ს დახმარებით, საქართველოს რეგიონული საკალათბურთო ფედერაციებისა და შესაბამისად, სკოლების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.