კვიპროსულ ანორთოსისში ბრწყინვალე დებიუტის (27 ქულა) შემდეგ დუდა სანაძემ მეორე შედეგიანი მატჩი გამართა. თუკი წინა მატჩში ქართველი სნაიპერის გარჯა ფამაგუსტელებს მოსაგებად ეყოთ, გასულ მატჩში ანორთოსისი დამარცხდა. დუდას გუნდის მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კერავნოსი” გახლდათ, რომელმაც შინაური მატჩი 103:85 მოიგო.
სანაძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულას აგებდა და მატჩის მოგების შანსიც აღარ ჰქონდა. დუდამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ 7-დან 7 სამქულიანი ააცილა.
დუდა ორ მატჩში საშუალოდ 22 ქულას იხვეჭს. ანორთოსისმა 6 ტურში მეოთხედ წააგო და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. სანაძის კლუბი მომდევნო ტურში აპოლონს შეხვდება, რომელიც ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.