სერბულ “ბორაცში” გადასვლის შემდეგ დუდა სანაძემ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ადრიატიკის ლიგაზე ბორაცელებმა ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლეს და სანაძის შედეგიანობის მიუხედავად 78:101 წააგეს.
სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:30 წუთში 24 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
სერბულმა ბორაცმა 5 მოგება და 15 მარცხი მოაგროვა და 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში ბოლოსწინა პოზიცია უკავია. სანაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, სტუმრად, ხორვატულ ზადართან ჩაატარებს.