სანაძის 29 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

სანაძის 29 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

დუდა სანაძის გუნდი ყატარის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია. ქართველი მსროლელი ძალიან შედეგიანი კია, მაგრამ მას თანაგუნდელები სათანადოდ მხარს ვერ უბავენ და “ალ ხორიც” ერთადერთი გამარჯვებით ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.

სანაძის გუნდის მორიგი მეტოქე ალ სადი გახლდათ, რომელთანაც შეხვედრა 86:112 დათმო. დუდა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და კვლავაც შეუცვლელად ითამაშა. დუდამ 40 წუთის განმავლობაში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 13-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ ქუინტრელ ტომასს (31) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. ალ სადს ასევე 30 ქულით 36 წლის ბერძენმა კალათბურთელმა კოსტას ვასილეადისმა ულიდერა, რომელსაც კარიერის განმავლობაში პაოკ-ის, უნიკახას, ობრადოიროს, ბილბაოს, ანადოლუ ეფესის, აეკ-ისა და იბეროსტარ ტენერიფეს რიგებშიც უთამაშია.

შემდეგ მატჩს ალ ხორი 30 დეკემბერს, ალ აჰლისთან გამართავს.