ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ში დააფასეს და ყველა ვარსკვლავის მატჩში შეიყვანეს, თუმცა მას არ გაუმართლა – ვარსკვლავთა მატჩის დებიუტშივე ტრავმა მიიღო და მოედანი შეხვედრის ბოლომდე დატოვა. მას შესვენებაზე გამართულ ჩატენვების კონკურსშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ტრავმის გამო ამ საინტერესო შეჯიბრსაც გამოაკლდა.
სანიკიძე ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა. მან 5 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. სანიკიძემ მეტოქის ფარზე მოხსნა და სერია A–ში მოთმაშე იტალიელთა ნაკრებს მოხდენილადაც ჩაუტენა. ლეგიონერთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც სანიკიძე იცავდა, პირველ მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 88:90 დამარცხდა.
სანიკიძემ პირველ მეოთხედში 5 წუთი ითამაშა და მოედნიდან გავიდა. ის თამაშში ხელმეორედ მეორე პერიოდში ჩაერთო, თუმცა მოედანზე 1 წუთის გასულიც არ იყო, რომ ტრავმა მიიღო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოწინააღმდეგეს დაუფარა, თუმცა იატაკზე ცუდად დაეშვა და ფეხი იტკინა. მან მოედანი თავისით, ოღონდ კოჭლობით დატოვა. სანიკიძე გასახდელში გავიდა, სადაც ცოტა ხანს გაჩერდა და ლეგიონერთა ნაკრების სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, თუმცა მოედანზე აღარ გამოჩენილა.
პირველი ტაიმის შემდეგ გამართულ ჩატენვების ტურნირსაც სათადარიგოთა სკამიდან უყურა სანიკიძემ. სავარაუდოდ, მისი ტრავმა სერიოზული არაა და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი სანიკიძე მომავალ ტურშივე დაუბრუნდება მოედანს.