სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდებმა ქართველების დახმარებით მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდებმა ქართველების დახმარებით მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მორიგ ტურში 7–7 ქულა დააგროვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ფარზეც იყოჩაღა და 12 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. და რაც მთავარია, ორივე ქართველის გუნდმა მოიგო: მარკოიშვილის „კანტუმ“ „სკავოლინი“ 63:55 დაამარცხა, ხოლო სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ბიელას“ 83:81 სძლია.
 
სანიკიძე ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 31 წუთი გაატარა და თავისიანთაგან ერთ–ერთი ყველაზე სარგებლიანი გახლდათ. ვიქტორმა 6–დან  2 ორქულიანი და ერთადერთი სამიანი ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა და როგორც ვთქვით, მატჩში უმეტესი 12 მოხსნაც მიითვალა. ამას გარდა, სანიკიძეს 3 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 პასიც ჰქონდა.
 
სანიკიძის გუნდს 14 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და სერია A–ს ცხრილში „ვარეზესთან“ VI-VII ადგილებს იყოფს. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ კი მეორე ადგილი შეინარჩუნა. „სკავოლინის“ დამარცხების შემდეგ კანტუელებს 21 მოგება და 7 მარცხი აქვთ.
 
მარკოიშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მარკოიშვილმა ზუსტად ისროლა ორივე ორქულიანი, შორი დისტანციიდან კი მიზანი გაუმრუდდა – 5 ცდიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.
 
 
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
საქართველოს ნაკრების ტრავმირებული წევრის, ტორინ გრინის „გრან კანარია“ პლეი ოფშია. კუნძულელებმა დღეს უშუალო კონკურენტი „უნიკახა“ 89:84 დაამარცხეს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა გაინაღდეს.
 
ამავე დროს გაირკვა ისიც, რომ ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“, ქართულპასპორტიანი ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ და ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ პლეი ოფის მიღმა დარჩნენ. „ხუვენტუდმა“ დღეს სარაგოსაში 74:91 წააგო, საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა ჰოსლიმ კი 30:28 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქუინტონმა 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.