სანიკიძის გუნდს სიენაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

სანიკიძის გუნდს სიენაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ „სიენას“, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ის მოახერხა, რომ 4 ქულით დამარცხდა – 81:85. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლონიელებმა სერიის პირველი შეხვედრა 39 ქულით წააგეს, წუხანდელი მატჩი მათ კარგად ჩაატარეს, მაგრამ წაგება წაგებაა და სანიკიძის გუნდი სერიაში 0:2 ჩამორჩა.
 
ქართველი ლეგიონერი ბოლონიელთა გუნდის ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. სანიკიძე შეტევით ნაკლებად იყო დაკავებული და ძირითადად დაცვაში ირჯებოდა. ვიქტორმა სიენელთა კალათს მხოლოდ სამჯერ შეუტია, საიდანაც 2 სროლა ჩააგდო: 2–დან 1 ორქულიანი და 1–დან 1 სამიანი, რამაც მთლიანობაში 5 ქულა შეადგინა.
 
სანიკიძე ფარქვეშა ბრძოლებში საკმაოდ აქტიური იყო და საბოლოოდ 11 მოხსნა მოაგროვა, რასაც 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ქართველი ლეგიონერი თავისიანთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო, თუმც საბოლოო წარმატების მისაღწევად ბოლონიელებს ცოტა დააკლდათ.
 
„სიენა“ სერიას 2:0 იგებს და საბოლოო წარმატებისთვის 1 გამარჯვებაღა აკლია. მომდევნო მატჩი ხვალ, 23 მაისს, ბოლონიაში გაიმართება.
 

ვიქტორ სანიკიძე სიენელი შონ სტოუნრუკის დაფარებას ცდილობს