დასანანი მარცხი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან – იტალიამ თბილისში ერთი ქულით დაამარცხა საქართველოს ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა. საქართველოს სულ მცირედი დააკლდა მაქსიმალურ შეგებამდე, რაც ამ ფანჯრის წინ დაიგეგმა ისლანდიისა და იტალიის დამარცხების სახით. თუმცა, ამავდროულად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ გუნდების შესაძლებლობები იცოდა, უარეს შემთხვევაში ერთ მოგებაზეც ყაბულს იყო, ოღონდ ეს ერთი აუცილებლად უშუალო კონკურენტი ისლანდია უნდა ყოფილიყო.
საბოლოოდ ასეც გამოვიდა: ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ისლანდიაში ურთულესი ბრძოლა (88:85) მოიგო, თბილისში კი დღეს იტალიასთან არანაკლებ დაძაბულ ჯახში 84:85 (სტატისტიკა) დამარცხდა და ამის მიუხედავად, ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მესამე საგზურის მოგების უმთავრესი კანდიდატია. კონკურენტები ისლანდია და უკრაინა არიან. ამ გუნდების დღევანდელი მატჩი უკრაინამ მოიგო და თითქმის განწირულს, მსოფლიოზე გასვლის შანსი გაუჩნდა. საამისოდ უკრაინელებმა მომდევნო ტურში იტალიაში უნდა მოიგონ და თუკი საქართველო ჰოლანდიაში იმარჯვებს, ბოლო ტურში საქართველოს ისლანდიასთან დამარცხებას უნდა უქომაგონ.
ეს არითმეტიკა საჭირო არ გახდება, თუკი საქართველო დარჩენილ 2 მატჩს მოიგებს. ეს 2 გამარჯვება თუ მოიპოვა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ისტორიის დასაწერად სწორედ 23 თებერვალს ჰოლანდიაში და 26-ში თბილისში, ისლანდიასთან მოგებაა საჭირო.
დღევანდელი მატჩი 4 სიტყვაში რომ ჩავატიოთ, გამოვა: “საქართველომ წააგო სამქულიანების მანქანასთან”. სწორედაც, ილიას ზუროსის გუნდმა ძალიან სუსტი პირველი ნახევარი ჩაატარა, რომელშიც მეტოქისგან 10 სამქულიანი მიიღო და აღნიშნულ პერიოდში ჩვენს კაპიტანსა და ლიდერს, თორნიკე შენგელიას მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. და ყველაფერ ამის ფონზე ქართველები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 3 ქულით აგებდნენ. მართალია, იტალიამ მეორე ნახევარში 10 სამიანი ვეღარ ჩააგდო, თუმცა 6 შორი სროლა მიითვალა და აქედან 2 ბოლო წუთებზე, რითაც მოგების რეალური შანსის მქონე საქართველო თითქმის გაწირა – 85:79 დასრულებამდე 33 წამით ადრე.
აქ კი ქართველებმა ლამის სასწაული მოახდინეს. თორნიკე შენგელიამ სწრაფი 2-ქულიანი ჩააგდო, რასაც პრესინგი და მეტოქის ნახევარზე განხორციელებული ჩაჭრა მოჰყვა. თად მაკფადენმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე სამქულიანი ააცილა, ბურთი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე დუდა სანაძემ ბრძოლით მოხსნა და მიხეილ ბერიშვილს პერიმეტრზე მიაწოდა. მიშას სამიანმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და დარჩენილ 7 წამში ქართველებმა, ცხადია, ტაქტიკური ჯარიმა აიღეს.
ალესანდრო პაჯოლამ ორივე საჯარიმო ააცილა და ბურთი შენგელიამ მოხსნა. ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მეორე ნახევარში, როგორც იქნა, დაძლია იტალიელთა დაცვითი ზღუდე და 14 ქულა მოინაგრა, მეტოქის ფარისკენ დაიძრა. დასრულებამდე მხოლოდ 6 წამი იყო და ჩვენი გუნდი ამ დროში ვერ ჩაეტია. შენგელიამ ბურთი მაკფადენს მიაწოდა, მოედანი სწრაფად გადაკვეთა და ჩვენმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მას პასი დაუბრუნა. საჯარიმოში შეჭრილ შენგელიაზე იტალიელი მეურვე დაჯარიმდა, თუმცა დრო ამოწურული იყო…
საქართველოს ნაკრების მორიგი შეკრება თებერვალშია და ილაის ზუროსი გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელი მატჩებისთვის მოამზადებს.
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია. იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს”.
თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ასეთი მარცხის შემდეგ ლაპარაკი რთულია. მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით, ვიდრე ორქულიანის, დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელებმა დაგვავალეს… ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, მათ შორის, პირველ რიგში მე. ვიბრძოლეთ, მაგრამ რაც ბოლო წამზე მოხდა, თქვენც ნახეთ, რაზეც მთელ პასუხისმგელობას საკუთარ თავზე ვიღებ. თუმცა, ამით არაფერი დასრულებილა. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა”.