საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

25 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დაიწყო. 

ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველად მონაწილეობს. შესაბამისად, ამ დონის შეჯიბრების მასპინძლობაც საქართველოს პირველად მოუწევს.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება ეძლევა, მრავალი წლის შემდეგ კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მატჩებს თებერვლში, ივნისში, ივლისსა და ნოემბერში დაესწროს  და უქომაგოს ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება იქნება 5, 10, 15, 25 ლარი და მათ რეალიზებას ინტერნეტით განახორციელებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი  – tkt.ge. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში საქართველოსა და გერმანიასთან ერთად ავსტრია და სერბეთი არიან. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის 24 ნოემბერს გერმანიაში (70:79) და 27 ნოემბერს სერბეთში (87:105) განიცადა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 23 თებერვალს ავსტრიაში, გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, 19:00 საათზე გერმანიის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლებს და ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან შეუძლიათ შემდეგ ბმულზე –   tkt.ge/basketball

მარიამ მორგოშია – tkt.ge-ს გენერალური მენეჯერი:

„როგორც მოგეხსენებათ, tkt.ge აქტიურად უდგას გვერდით ქართულ სპორტს, მათ შორის კალათბურთსაც. მინდა, ჩვენს ნაკრებს წარმატება ვუსურვო tkt.ge-ს სახელით. დღეს უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა, მომხმარებელს ჩვენი საიტის გარდა, ახლა უკვე მობილური აპლიკაციითაც შეუძლია ბილეთების შეძენა.“

გიორგი ზაბახიძე – საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩების დირექტორი:

„საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 თებერვალს, თბილისში, სპორტის სასახლეში პირველად მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მონაწილეობას. ჩვენი მოწინააღმდეგეა გერმანიის ეროვნული ნაკრები. საკმაოდ დაძაბული მატჩი გველის და გულშემატკივარს მოვუწოდებ  შეიძინონ ბილეთები, უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს და  გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მონაწილეები ქართველ კალათბურთელებთან ერთად”.