საქართველო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში რიგის ჯგუფში ლატვიასა და ფილიპინებთან მოხვდა

საქართველო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში რიგის ჯგუფში ლატვიასა და ფილიპინებთან მოხვდა

შვეიცარიაში დღეს გამართულმა წილისყრამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 საგზურისთვის მებრძოლი 24 ნაკრები ჯგუფებში განათავსა. გათამაშების ფორმატის თანახმად 24 გუნდი 4 ქვეყანაში – საბერძნეთში, ესპანეთში, ლატვიასა და პუერტო რიკოში გადანაწილდა. საქართველო მოხვდა რიგის ტურნირში, სადაც A ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლება. ლატვიაში მოთამაშე B ჯგუფი ბრაზილიამ, კამერუნმა და მონტენეგრომ შეადგინეს. ანუ ამ 6 ნაკრებიდან ოლიმპიადის საგზურს მიიღებს ერთი – რიგის მინი-ტურნირის გამარჯვებული. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები 2024 წლის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

რიგა, ლატვია
A ჯგუფი – საქართველო, ფილიპინები, ლატვია

B ჯგუფი – ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო

გათამაშების ფორმატი ასეთია: ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ანუ საქართველო ეთამაშება ლატვიასა და ფილიპინებს და თუ პირველ, ან მეორე ადგილს დაიკავებს, ნახევარფინალში გავა, სადაც იმავე ქვეყანაში ჩატარებული მეორე B ჯგუფიდან გასულ ნაკრებს შეხვდება. ნახევარფინალში მოგებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. შესაბამისად – თითო ქვეყანაში თითო საგზური გათამაშდება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს 3 დანარჩენი ტურნირი შემდეგ ქვეყნებში, ამ შემადგენლობით ჩატარდება:

ვალენსია, ესპანეთი
A ჯგუფი – ლიბანი, ანგოლა, ესპანეთი

B ჯგუფი – ფინეთი, პოლონეთი, ბაჰრეინი

პირეოსი, საბერძნეთი

A ჯგუფი – სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია
B ჯგუფი – ეგვიპტე, საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა

სან ხუანი, პუერტო რიკო
A ჯგუფი – მექსიკა, კოტ’დ’ივუარი, ლიეტუვა

B ჯგუფი – იტალია, პუერტო რიკო, ბაჰრეინი

საქართველომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჯგუფიდან გასვლით მოიპოვა. საქართველო მოხვდა იმ 19 გუნდს შორის, რომლებმაც ოლიმპიადის საგზურის კვოტებით მიმღები ქვეყნების შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილები დაიკავეს. 

ოლიმპიადაზე უკვე  გასულია 8 ნაკრები: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის 2 საუკეთესო ევროპული ქვეყანა), აშშ, კანადა (მსოფლიოზე 2 საუკეთესო ამერიკის ქვეყანა), ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანია), იაპონია (აზია) და სამხრეთ სუდანი (აფრიკა). ამ 8-ს დაემატება საკვალიფიკაციო მინი-ტურნირების 4 გამარჯვებული და საოლიმპიადო ტურნირის 12 მონაწილეც დაკომპლექტდება.