ევრობასკეტი საქართველოსთვის დასანანი მარცხით გაიხსნა. ნებისმიერი წაგება დასანანია, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, საშინაო ევრობასკეტის გახსნის მატჩს თითქმის მთელი თამაში რომ აგებ, ეპიზოდებში 12-14 ქულით ჩამორჩები და დეფიციტს ამცირებ, 5 ქულით დაწინაურდები და საბოლოოდ მაინც, თანაც ოვერტაიმში მარცხდები. ამას დაუმატეთ ის, რომ მეტოქე თანაბარ ანგარიშზე სამქულიანს აგდებს და თამაშის დასრულებამდე 3 წამი რჩება. დარჩენილ დროში დუდა სანაძემ მოასწრო სამქულიანის სროლა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩავარდა და საქართველო 76:79 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ბელგია ძალიან კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ეს ჩვენმა გუნდმა კარგად იცოდა და შესაბამისი ტაქტიკითაც ითამაშა. ავად თუ კარგად, მთლიანობაშიეს ტაქტიკა ჭრიდა, შეხვედრა შემოვატრიალეთ და მატჩის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე 5 ქულით დავწინაურდით. ეს უპირველესად დაცვის დამსახურება იყო. იმ დაცვის, რომელმაც ბელგიელებს დასკვნითი პერიოდის ხანგრძლივ მონაკვეთში ბურთი არ ჩააგდებინა, პერიმეტრი და სამწამიანი ზონა გადაკეტა და შეტევაში ბურთი, რომ იტყვიან თავისით ჩავარდა.
ჩვენს გუნდს შეტევითი პოტენციალი არ დაეწუნება. ეს კარგად გამოჩნდა ნაკრების ახალგაზრდა ფრთის – სანდრო მამუკელაშვილის და გოგა ბითაძის შედეგში, რომლებიც ბელგიასთან მატჩში ჩვენს გუნდს სტატისტიკურ ლიდერებად მოევლინნენ. მამუკელაშვილმა სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 ერთეულით გამოსახა, რაც ევრობასკეტის პირველი დღის მატჩებში მეორე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, დიდი ალბათობით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა, ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მას მოედანი იძულებით რომ არ დაეტოვებინა. ბითაძემ იმ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე მეტოქესთან ბრძოლაში ფეხი ამოიბრუნა და მოედნიდან გავიდა. მიუხედავად ტკივილისა, გოგა მწვრთნელმა მალევე შეაბრუნა მოედანზე და მან ჩვენების აცილებული ბურთი შეტევაში მოხსნა – ჩასაგდებად დატრიალდა და ისევ ფეხი. ამჯერად “ინდიანა პეისერსის” ცენტრი მოედნიდან საბოლოოდ გავიდა და მისი სასროლი საჯარიმოები მოედანზე დაბრუნებულმა ბექა ბურჯანაძემ შეასრულა – ორიდან ერთი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 70:70.
ამ დაძაბულ მომენტში ბელგიელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს – ემანუელ ლეკომ ორივე საჯარიმო ააცილა და საქართველოს დაწინაურების შანსი მიეცა. თითქმის ბოლომდე გათამაშებული შეტევა კახა ჯინჭარაძის აცილებული სამქულიანით დასრულდა და რომ ვერ დავწინაურდით, სანუგეშოდ ბელგიელთა არაზუსტი შეტევა მოგვეცა, რაც შეხვედრის ოვერტაიმში გაგრძელებას ნიშნავდა. დამატებით 5-წუთეულში მხოლოდ 6 ქულა ჩავაგდეთ, რომელიც სანდრო მამუკელაშვილზე მოდის. ბელგიელებსაც 6 ქულა ჰქონდათ, თუმცა მანამ, სანამ ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჯონათან ტაბუ გამარჯვების სამქულიანს ჩააგდებდა. ბელგიელთა მსროლელისთვის თავისუფლად სროლის საშუალების მიცემა იყო ერთ-ერთი და საბედისწერო შეცდომა, რომელიც ჩვენმა მოთამაშეებმა ამ შეხვედრაში დაუშვეს და სწორედ ეს შეცდომები დასახელდა მარცხის მიზეზად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
შეცდომები ყოველთვის ისჯება. ეს ბელგიამ არ გვაპატია – განაცხადა ილიას ზუროსმა – ახლა ორი ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში – ესპანეთი და თურქეთი ევრობასკეტზე მედლებისთვის იბრძვიან. ასევე კარგი გუნდები არიან ბულგარეთი და მონტენეგრო. ძალების მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება წარმატების მისაღწევად.
რაც შეეხება გოგა ბითაძის ტრავმას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. გულდასაწყვეტია, როცა ბევრს მუშაობ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ტრავმების გამო გაკლდება კალათბურთელი, არ გვყავს სრული შემადგენლობა…“
რაც შეეხება ზუროსის კალათბურთელებისთვის, გასახდელში ნათქვამს: “ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება. წინ 4 ურთულესი მატჩი გვაქვს, რომელთაგანაც 3 უნდა მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ!”
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 3 სექტემბერს, ესპანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში ბულგარეთი 104:87 (სტატისტიკა) დაამარცხა. ჩვენი ჯგუფის მესამე შეხვედრაში თურქეთმა ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში – 72:68 (სტატისტიკა) მოუგო მონტენეგროს.