რამდენიმე წაგების შემდეგ, გიორგი შერმადინის ტენერიფე გამარჯვების რელსებზე დადგა. 3 წაგების შემდეგ ტენერიფელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს. ამჯერად კუნძულელებმა ბასკონიას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 89:85 აჯობეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17:28 წუთი დაჰყო. დროის კვალობაზე ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ბევრი, 14 ქულა მოაგროვა, რაც მარსელინიოს შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგია.
ტენერიფეს 11-7 ბალანსი აქვს და მეშვიდე ადგილზეა, 7 თებერვალს შერმადინის გუნდი ბურგოსს სტუმრად ეთამაშება.
თორნიკე შენგელიას ბარსელონა მურსიასთან სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე დამარცხდა – 83:84. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. თოკომ 21:07 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბარსელონას 12 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა. ეს გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი იყო ჩემპიონატში. 8 თებერვალს ბარსელონა ბასკეტ ჟირონას უმასპინძლებს.
პრიმერა FEB ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) დუდა სანაძის პალმერ ბასკეტმა სამორასთან დაძაბულ ბრძოლაში – 92:95 წააგო. სანაძემ 26:09 წუთში 15 ქულა (2 სამქულიანი), 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. პალმერ ბასკეტს 3-14 ბალანსი აქვს და ბოლოსწინა, მე-16 ადგილზეა. 11 თებერვალს ბალეარელები პალენსიას ესტუმრებიან.
გიორგი კორსანტიას გიპუზკოამ ბასკეთში ესტუდიანტესს 73:66 მოუგო. კორსანტიამ 17:18 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიპუზკოას 10 მოგება და 7 მარცხი აქვს. კორსანტიას გუნდი ამ შედეგით მე-6 პოზიციაზეა. 7 თებერვალს ბასკური კლუბი კარტახენას ესტუმრება.