საქართველომ ისრაელი დაამარცხა — საბრძოლო რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებამდე

საქართველომ ისრაელი დაამარცხა — საბრძოლო რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებამდე

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა თბილისის ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართა და ისრაელის ეროვნული გუნდი დაძაბულ ბრძოლაში, 101:90 დაამარცხა. ეს გახლდათ მეორე მოსამზადებელი მატჩი ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდისთვის, რომელიც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი უკვე წარმატებით გადალახა და გადავიდა მეორე, გადამწყვეტ რაუნდში, სადაც კიდევ ექვს შეხვედრას გამართავს. წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ლიბანისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად, 19 ქულის სხვაობით დაამარცხა, ისრაელის ნაკრები საკმაოდ ძლიერი და უხერხული ოპონენტი აღმოჩნდა. სტუმრები აგრესიულად თამაშობდნენ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მრავალფეროვან არსენალს ეყრდნობოდნენ — შორსროლებსა და ფარქვეშ თამაშს ოსტატურად უხამებდნენ. ისრაელის რიგებში განსაკუთრებით გამორჩეული იყო რომან სორკინი, რომელმაც შეხვედრა 25 ქულით დაასრულა.

მეტოქე შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა ფარქვეშ სორკინს ნამდვილი ორთაბრძოლა გაუმართა გოგა ბითაძემ. გოგას, პირდაპირი მნიშვნელობით, ჭიდაობა უწევდა მეტოქის ლიდერთან. მიუხედავად იმისა, რომ სორკინი შეტევაში პროდუქტიული იყო, დაცვაში ბითაძის წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი გაწყო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების მაისურით. სანდრო ქულებს როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან იოლად იხვეჭდა, თუმცა თამაშში ისეთი მძაფრი აქტიურობით არ ჩართულა, როგორც გოგა ბითაძე.

ალექსანდრ ჯიკიჩის განაცხადში სტანდარტული 12 მოთამაშის ნაცვლად 14 კალათბურთელი იყო, ხოლო უშუალოდ მატჩში მონაწილეობა სამ მოთამაშეს არ მიუღია. მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგო მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი მისცა და მათაც დაკისრებულ ამოცანას ბრწყინვალედ გართვეს თავი. მატჩის იმ მონაკვეთში, როდესაც მოედანზე თანაბარი და დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, გამარჯვების ნიადაგი სწორედ ალექსანდრე ფევაძემ, გიორგი ტურძილაძემ, რატი ანდრონიკაშვილმა და გიორგი ოჩხიკიძემ შექმნეს. ამის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა სასტარტო ხუთეულმა — თორნიკე შენგელიამ, სანდრო მამუკელაშვილმა, გოგა ბითაძემ და მარკის რიდმა — ებრაელებს თამაში საბოლოოდ მოუთავა. თორნიკე შენგელია ტრადიციულად გუნდის ხერხემალი გახლდათ და როგორც მატჩის მსვლელობისას, ისე გადამწყვეტ წუთებში უდიდესი როლი ითამაშა გამარჯვების მოპოვებაში.
გამორჩეული მოთამაშეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10-ქულიან ბარიერს ერთბაშად ექვსი კალათბურთელი გადასცდა, სადაც საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მას მხარი ბრწყინვალედ აუბეს თორნიკე შენგელიამ 21 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით, ასევე სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც აქტივში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მარკის რიდმა (12 ქულა, 4 პასი), რატი ანდრონიკაშცილმა (12 ქულა) და დუდა სანაძემ (11 ქულა).

შემდეგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის უკვე ოფიციალური იქნება. 28 აგვისტოს ჩვენი ეროვნული გუნდი ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში, 31 აგვისტოს, გასვლით უმნიშვნელოვანეს მატჩს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.